პენიტენციურის განცხადება მტკნარი სიცრუეა, სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობაც არ აქვს - ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მესამე პრეზიდენტს ყველა საჭირო კვლევა უტარდება. ადვოკატი ამბობს, რომ უწყების განცხადება სიცრუა, რადგან სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალებაც კი არ აქვთ. საძაგლიშვილი ასევე ამბობს, რომ პენიტენციური სამსახური პატიმრის მდგომარეობაზე ადვოკატებს ინფორმაციას არ აწვდის.
პენიტენციური სამსახურის განცხადება არის მტკნარი სიცრუე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს ელემენტარული არ აქვს შესაძლებლობა პირად ექიმთან კონსულტაციის, დაახლოებით 4 თვეა გასული რაც ვითხოვთ. სასაცილოა როდესაც პენიტენციური სამსახური გავრცელებულ ბრალდებებზე საპასუხოდ PCR ტესტირებას ამადლის მიხეილ სააკაშვილს.
ჩვენ გვაქვს სერიოზული დაბრკოლება ინფორმაციაზე წვდომასთან დაკავშირებით. პენიტენციური სამსახური შეგნებულად და განზრახ გვიქმნის დაბრკოლებას აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და შეგნებულად და მიზანმიმართულად უსპობს მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.