გასაგებია, რომ თქვენი პოზიცია იყო მყარი თვეების წინ, მაგრამ გარემოება დრამატულად შეიცვალა - მელია პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთი უებარი გასაღები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, აქვს - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიკა მელია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, განმუხტოს დაძაბული პოლიტიკური ვითარება, გამოიჩინოს ჰუმანურობა და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.
როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იბრძვის სიცოცხლისთვის, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკასაც ვერ უძლებს და მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გარეთ შესაბამისი პროფილის ჰოსპიტალში გადაყვანით, ეს უებარი გასაღები ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ვიმედოვნებ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი მომავლის პერსპექტივიდან დაინახავს დღევანდელობას და არ მიიღებს არასწორ გადაწყვეტილებას.
გასაგებია, ქალბატონო სალომე, რომ თქვენი პოზიცია იყო მყარი თვეების წინ და უარყოფდით შესაძლებლობასაც კი, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო თქვენს მიერ ტყვეობიდან გათავისუფლებული, მაგრამ გარემოება დრამატულად შეიცვალა და დამძიმდა. მინდა, მქონდეს იმედი, რომ თქვენ ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ“, - განაცხადა მელიამ.