სკანდალში გახვეული პრემიერი თავის მართლების რეჟიმშია - ღარიბაშვილისთვის მაშველი რგოლი ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენია
სკანდალში გახვეული პრემიერი თავის მართლების რეჟიმშია - "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდა თუ არა რუს ბიზნესმენ ალი უზდენოვს არ უპასუხა და ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება მოიშველია და თქვა, რომ არ აპირებს იმაზე მეტის თქმას, ვიდრე ხიდაშელმა თქვა.
ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ მას ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიმართა და უთხრა, რომ გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები არსებობდა, თუმცა ის ბიზნესსექტორთან გადაამისამართა.
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნესშემოთავაზებები და ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ მე ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნესსექტორთან.
აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში დავით ხიდაშელის მოწვევით და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნესის წარმომადგენელს. მინდა, მთავარი კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს და ვითომდა „სკანდალის“ გამომძიებლებს - რაიმე შედეგი დადგა? - ნული. მსგავსი სპეკულაციები აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა "ტვ პირველის" დამაზუსტებელი კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ აღნიშნულ შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია.
თქვენ მიერ ხსენებული ბიზნესმენის, გვარიც არ მახსოვს, შეხვედრებს საქართველოში არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მე მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სპეკულაციები არის აბსოლუტურად მიუღებელი"- მიმართა პრემიერმა "ტვ პირველის" ჟურნალისტს.