თუ გსურთ საქართველოში პოლარიზაციის დაწევა, მაშინ არ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტი გვყავდეს ციხეში - დეკანოიძე ევროპის საბჭოს წევრებს

29.04.22 11:39
თუ გსურთ საქართველოში პოლარიზაციის დაწევა, მაშინ არ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტი გვყავდეს ციხეში - დეკანოიძე ევროპის საბჭოს წევრებს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობის სტრატეგია საქართველოს მიმართ არის ქვეყნის დესტაბილიზაცია. დეკანოიძეს ევროპის საბჭოს წევრებს ასევე მიმართა, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად აუცილებელია, რომ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ იყოს.

საქართველოს საზოგადოებაში ევროატლანტიკური ამბიციები მკაფიოა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან ყოველდღე. რუსეთის მთავრობის სტრატეგია საქართველოს მიმართ არის ქვეყნის დესტაბილიზაცია და დისფუნქციური პოლიტიკური კლიმატის შექმნა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სრულად ფუნქციონალური დემოკრატიის მიღწევის გზაზე დაბრკოლებები შეექნას. ეს წლებია, გრძელდება.

ფაქტობრივად, როდესაც ვსაუბრობ პოლარიზაციაზე, სრულად ვეთანხმები კოლეგებს, რომ ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციაა, თუმცა ამავე დროს ხაზი უნდა გავუსვა რამდენიმე საკითხს. თუ გსურთ პოლარიზაციის დაწევა, მაშინ ჩვენ არ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტი გვყავდეს ციხეში. არ შეიძლება საქართველოში პოლიტიკური პატიმრობა გვქონდეს და გვქონდეს ოლიგარქიული სისტემა, რომელიც ჩრდილს აყენებს საქართველოს. მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს აფრთხილებდა მსოფლიოს, რომ უკრაინა და ევროპა სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა - ახლა ციხეშია. ჩემო კოლეგებო, მოგიწოდებთ და გთხოვთ, ჩაერთოთ, როგორც ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, პრობლემის ჰუმანიტარული გადაწყვეტისთვის, მის გადასაყვანად, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულად უარესდება. ჩვენ შეგვიძლია სიტუაციის დეპოლარიზაცია, როდესაც არ გვეყოლება პოლიტიკური პატიმრები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, საქართველო არამარტო გარე საფრთხეების წინაშე დგას, არამედ ქვეყანაში შიდა საფრთხეებიც არსებობს.

როდესაც ვსაუბრობთ გამოწვევებზე, საქართველო დგას არა მხოლოდ გარედან მომავალი საფრთხეების წინაშე, არამედ შიდა საფრთხეების წინაშეც. დიახ, სამართალი, რომელიც ძალიან პოლიტიზებულია, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტები და მმართველი პარტია, რომლებიც შერწყმულია ერთმანეთთან. მე, როგორც კანდიდატმა, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში ვმონაწილეობდი, თავად ვნახე ეს.

ეს თვე ისტორიული იყო საქართველოსთვის, ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ევროკავშირის წევრობაზე. ეს გავაკეთეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ნამდვილად ვოცნებობ, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენი მხარდაჭერა და დახმარება, რომ გავთავისუფლდეთ ოლიგარქიისგან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ევროპულ ქვეყანაში, არის ნომერ პირველი პრობლემა და გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის,“- აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები