"ასე არ არის მოწყობილი ცხოვრება... განაჩენი უნდა აღსრულდეს" - პაპუაშვილი სააკაშვილზე
"ასეთია ცხოვრება, უნდა აიტანოს ციხეში ყოფნა," - ინფორმაციას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ცინიზმით ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი ექიმებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ წაახალისებენ მიხეილ სააკაშვილის ახირებებს და მას საკვების მირება აიძულონ.
ასე არ არის მოწყობილი ცხოვრება და ასე არ არის მოწყობილი ჩვენი კონსტიტუცია და მართლმსაჯულება. არსებობს განაჩენი და ეს განაჩენი უნდა აღსრულდეს. მათ შორის, დამთრგუნველია, რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველასთვის, ყველა პატიმრისთვის, ვინც არის სასჯელაღსრულების სისტემაში, მაგრამ ასეა ცხოვრება მოწყობილი. პატიმარს აქვს დეპრესია. დეპრესიიდან გამომდინარე, ის გარკვეულ დახმარებას საჭიროებს, მათ შორის, ფსიქოლოგის დახმარებას, რომელზეც ის თავად ამბობს უარს და ამ დეპრესიის ფონზე ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს. მთავარი არის ერთი რამ და ამას მინდა ხაზი გავუსვა: ჩვენ რასაც ვისმენთ, მათ შორის, ომბუდსმენის მხრიდან, ოჯახის მხრიდან თუ პოლიტიკური გულშემატკივრების მხრიდან, ეს არის გარკლვეულწილად, წახალისება მიხეილ სააკაშვილის. ყველა უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ მას უთხრან და აუხსნან, რომ მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს სამედიცინო სერვისი, - განაცხადა პაპუაშვილმა.