გაუგებარი განცხადებაა...მოვითხოვთ განმარტებებს - ფინანსთა მინისტრი უკრაინის ბრალდებებზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გაუგებარს უწოდებს. ლაშა ხუციშვილის თქმით, უკრაინამ ბრალდებებთან დაკავშირებით განმარტაბები უნდა გააკეთოს.
წარმოუდგენლად მიმაჩნია, რუსული პროდუქცია, რომელიც არის აკრძალული, საქართველოს გავლით გავიდეს ევროკავშირის ქვეყანაში, მას მიენიჭოს წარმოშობის სერთიფიკატი, რომელიც არის ქართული წარმოშობის და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე.
სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს, არა მხოლოდ საქართველო, ასეთი პროდუქციის შეტანაზე. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია ის განცხადება, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ჩვენ მოვითხოვთ შესაბამის განმარტებებს, შესაბამის ინფორმაციას, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლას საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დახმარებით ცდილობს. გაშიფრულია სქემა, რომლითაც რუსული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავა. ირკვევა, რომ ოკუპანტები საკუთარ პროდუქციას თბილისში, ერევანსა და ბაქოში შეიტანენ, უცხოურ ბაზრებზე კი რუსული პროდუქტი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ეტიკეტით გაიყიდება.