უკრაინის დაზვერვის სკანდალური განცხადება - კობახიძე ენმ-ს კვალს ხედავს
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უკან ოპოზიციის ინტერესს ხედავს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ადამიანები, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას მიეკუთვნებიან, პარალელურად, უკრაინის ხელისუფლებაშიც არიან.
ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც ფაქტების გარეშე ვრცელდება ასეთი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მიერ. ამასაც აქვს კიდევ ძალიან მარტივი მიზეზი: ადამიანები აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ არიან ხელისუფლებაში. ასეთ დროს ამგვარი ინტერესი არსებობს და სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი ასეთი მორიგი განცხადება ვიხილეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინის მხარეს, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს ხალხებს შორის, - თქვა კობახიძემ.
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სანქციების გვერდის ავლას საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის დახმარებით ცდილობს. გაშიფრულია სქემა, რომლითაც რუსული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე გავა. ირკვევა, რომ ოკუპანტები საკუთარ პროდუქციას თბილისში, ერევანსა და ბაქოში შეიტანენ, უცხოურ ბაზრებზე კი რუსული პროდუქტი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ეტიკეტით გაიყიდება.