უჩა მამაცაშვილი არასამთავრობოებს უჩივის - ივანიშვილის დეიდაშვილი "მორალური ზიანის კომპენსაციისთვის" 150 000 ლარს ითხოვს
ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა, ადვოკატი აიყვანა და არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოში უჩივის. ოლიგარქის ოჯახის წევრის პირველი სამიზნე ,,ანტიკორუფციული მოძრაობა" გახდა.
მამაცაშვილი ამტკიცებს, რომ მას მორალური ზიანი მიაყენეს და კომპენსაციის სახით საერთო ჯამში 150 000 ლარს ითხოვს.
უფრო კონკრეტულად, მამაცაშვილი "ანტიკორუფციული მოძრაობისგან" 50 000 ლარს, ორგანიზაციის ლიდერებისგან, ლაშა ფარულავასა და ვასო ურუშაძისგან 50 000 - 50 000 ლარის გადახდას ითხოვს.
საქმე ეხება თაღლითურ სქემას, რომელიც ორგანიზაციამ გამოაშკარავა - მკვლევარები ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობასთან დაკავშირებით არსებულ სქემაზე საუბრობდნენ, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უჩა მამაცაშვილი კოორდინირებულად თაღლითობენ.
ორგანიზაციამ კონკრეტული მისამართებიც დაასახელა, "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრები ადგილზეც მივიდნენ, პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა სამართალდამცავებმა საპოლიციო მოქმედებები არ ჩაატარეს.