"საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადასარჩენია! "- მიხეილ სააკაშვილის ოჯახი აქციებს იწყებს
"საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადასარჩენია! "- მიხეილ სააკაშვილის ოჯახი პერმანენტულ აქციებს იწყებს. პირველი აქცია საქართველოს კანცელარიასთან ხვალ, 19:00 საათზე, გაიმართება
საქართველოს ხელისუფლება, გონს მოეგეთ! შეწყვიტეთ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქილიკი'- აცხადებს პატიმარი პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი.
მან ყველა პოლიტიკურ ძალას და ორგანიზაციას მოუწოდა, პროტესტს შეუერთდეს.
სურათი ძალიან მძიმეა - ჩემი ძმის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ვღელავ, ვინაიდან ვხედავ, რომ ადამიანი იღუპება. მე როგორც ძმა, ვალდებული ვარ, მაქსიმალურად დავუდგე გვერდზე, აღარ არის ლოდინის დრო.
ამის პარალალურად, გვესმის ქილიკი და შეურაცხყოფა ჩვენი ოჯახის, რომ თუ უნდა ჭამოს, არაჟანთან ერთად გადაადგილდებოდა, აი ასეთ სისულელეებს ვისმენთ.
მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, გონს მოეგეთ, არ შეიძლება ასე მოვექცეთ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წინსვლაში და შენებაში.
ოჯახმა გადავწყვიტეთ, ხვალ, კანცელარიასთან, საღამოს 7 საათზე, ვაორგანიზებთ აქციას, რომელიც იქნება, იმისთვის, რომ გავაგონოთ საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მოსახლეობის ხმა. მივმართავ ემიგრანტებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, შეძლებისდაგვარად დაგვიდგნენ გვერდში, ეს არის ჩვენი ბოლო შანსი, რომ გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე", - დასძინა გიორგი სააკაშვილმა.