შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ! - "ოცნების" ექიმი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარს ამბობს
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის უარი საქართველოს მესამე პრეზიდენტს - პროფესიით ექიმი, დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის მონახულებას არ აპირებს.
მმართველი პარტიის წარმომადგენელი სააკაშვილის საპასუხოდ აცხადებს, რომ "ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ მისი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით".
ბატონო მიხეილ, ის, რომ ჩემი ძირითადი პროფესია ექიმობაა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ყოველგვარი მოპატიჟების გარეშე, პატიმრობის საწყისს ეტაპზე, როდესაც შიმშილობდით, დავით სერგეენკოსთან ერთად მოვედით ციხეში თქვენი ჯანმრთელობის მოსაკითხად. რის შემდეგაც გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება თქვენი კლინიკაში გადაყვანის. სამწუხაროდ, მაშინაც და დღესაც ჯანმრთელობის გაუარესება მოხდა მხოლოდ თქვენი სურვილით და არა ხელისუფლების უდიერი მოპყრობით. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყოველგვარი პიარის გარეშე, გუშინ დავით სერგეენკოსთან ერთად მოვიკითხეთ, თუ როგორ მიმდინარეობს თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. გავარკვიეთ, რომ გიკეთდებათ ყველაფერი და გაქვთ ხელმისაწვდომობა ყველანაირ საჭირო სერვისზე. მიიღებთ თუ არა ამას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ის, რომ თქვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამის სურვილი ნამდვილად მაქვს როგორც ექიმს და როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამის სურვილი, პოლიტიკური მიზნების გამო, არ გაქვთ თქვენ. სწორედ ამიტომ ვერ ვხედავ აზრს ჩვენი შეხვედრის, რასაც მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა ექნება და არა რეალური შედეგი. მითუმეტეს, მე არ გახლავართ იმ დარგის სპეციალისტი, რომელიც ამჟამად გჭირდებათ. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, დაუჯეროთ მკურნალ ექიმებს და შეასრულოთ მათი რეკომენდაციები და რჩევები"- წერს ხუნდაძე.
დეპუტატი მიხეილ სააკაშვილს წერს, რომ "პატიმრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის".
რაც შეეხება ციხიდან გათავისუფლებას დადგენილების საფუძველზე, მე არ გისურვებდით, რომ იმ დიაგნოზით და იმ კრიტერიუმებით გათავისუფლებულიყავით ციხიდან, რაც იქ არის ჩამოთვლილი, რადგან არ მსურს ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ისე, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთი თქვენი თანაგუნდელი, სცენარის ამგვარად განვითარების წინააღმდეგი არ იქნებოდა. თქვენი მომართვიდან ვრწმუნდები, რომ პატიმრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლით. ეს იქიდანაც ჩანს, რომ მოგვიწოდებთ, თქვენგან გამოსულებმა პოლიტიკური განცხადებები გავაკეთოთ. გვიწვევთ როგორც ექიმებს და განცხადებებს გვთხოვთ, როგორც პოლიტიკოსებს. მეც როგორც ექიმი გირჩევთ, გაუფრთხილდეთ საკუთარ ჯანმრთელობას და როგორც პოლიტიკოსი მოგიწოდებთ, პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენს პოლიტიკურ მოღვაწეობაზე“, - ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის მიმართვაში.
საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ყველა მედიკოს დეპუტატს, მოინახულოს ის საკანში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.