თბილისის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები და გამოვლენილი დარღვევები - TI-ის კვლევა

05.05.22 12:46
თბილისის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები და  გამოვლენილი დარღვევები -  TI-ის კვლევა

თბილისის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესები და დეკლარირების დროს გამოვლენილი დარღვევები - კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს. ოფიციალურად დასტურდება შემდეგი: 

საკრებულოს 8 თანამდებობის პირს არასრულად აქვს დეკლარირებული საკუთარი, ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა. ესენი არიან: ზურაბ აბაშიძე, შალვა ოგბაიძე, ირაკლი ხელაძე, ლევან აბაშიძე, თორნიკე ბიკაშვილი, ოთარ გრიგოლია, გივი ჩხარტიშვილი, გიორგი შარაშიძე.

8 თანამდებობის პირმა, კერძო კომპანიაში საკუთარი წილის მართვის უფლება სხვა პირს არ გადასცა. ესენი არიან: კონსტანტინე ზარნაძე, ლევან ჯაფარიძე, შალვა ოგბაიძე, ირაკლი ხელაძე, თორნიკე ბიკაშვილი, სოფიო ჯაფარიძე, გიორგი ონიანი, გიორგი შარაშიძე.

5 თანამდებობის პირი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში, რითაც ეწევა თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას. ესენი არიან: კონსტანტინე ზარნაძე, შალვა ოგბაიძე, თორნიკე ბიკაშვილი, გიორგი ონიანი, გიორგი შარაშიძე.

4-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში მისი ან ოჯახის წევრის ეკონომიკურად აქტიური კომპანიებიდან მიღებულ შემოსავალზე 0 ლარი მიუთითა, რაც, შესაძლოა, შემოსავლების არასრულად დეკლარირებაზე მიუთითებდეს. ესენი არიან: გიორგი ახვლედიანი, თინათინ ნიბლოშვილი, ლევან არველაძე, გიორგი შარაშიძე.

 

ამასთან, TI-მ, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევაც. 

თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ 29 დეპუტატიდან 16-მა, ერთ დღეს, 2021 წლის 12 ოქტომბერს (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ) შესწირა საეჭვოდ იდენტური ოდენობის (5 ან 10 ათასი ლარი) თანხა პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ – თანხის ჯამურმა ოდენობამ 115,000 ლარი შეადგინა- წერია კვლევაში.  

განცხადების თანახმად, 13-21 ოქტომბრის შუალედში კი, კიდევ ხუთმა დეპუტატმა - ავთანდილ ცინცაძემ, ალექსანდრე ხუჯაძემ, აკაკი ალადაშვილმა, ირაკლი ხელაძემ და კონსტანტინე ზარნაძემ - ჯამში 65,000 ლარი გადარიცხა ქართული ოცნების ანგარიშზე.

"მიგვაჩნია, რომ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მესამე პირის მეშვეობით განხორციელებულ უკანონო პოლიტიკურ შემოწირულებას"- წერს ორგანიზაცია. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2022 წლის 13 აპრილს მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პოლიტიკური პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული სავარაუდო პოლიტიკური კორუფციის შემთხვევის შესწავლის მიზნით, რაზეც 2022 წლის 2 მაისს მიიღო პასუხი, რომ “სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2021 წელს  შეისწავლა ზემოაღნიშნულ წერილში მითითებული, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” შემომწირველი ფიზიკური პირების ფინანსები. შესწავლის შედეგად რაიმე სახის დარღვევა არ გამოვლენილა”.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს წინამდებარე კვლევის ფარგლებში გამოვლენილი თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებასთან დაკავშირებული დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

 კვლევა სრულად ნახთ აქ