ოლიგარქის შემდეგ კობახიძეც არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილისთვის ფულის არგადახდა "კოორდინირებული ქმედებების" შედეგი იყოს
ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლის შემდეგ, შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მიმართ კითხვები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესაც გაუჩნდა.
მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ გადარიცხვების შეფერხება იწვევს ეჭვს, რომ ეს "კოორდინირებული ქმედებაა".
"როცა კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს"- განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
კითხვები არის ლეგიტიმური, არცთუ უსაფუძვლო, თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვხედავთ კოორდინაციას და კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ლოგიკური. ჩვენთვის გასაკვირი იყო რა თქმა უნდა, ის განცხადებები, რაც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო კოორდინაცია მაღალი ხარისხით. გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით.
იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები, ევტუშენკოვის ზარი და ეს არის კაცი, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება და ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა. გაუგებარი ზარი, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს. ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკი კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს... რაც შეეხება კონკრეტიკას, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში მე ვერ შევალ. - განაცხადა კობახიძემ.
თემაზე კომენტორებისას "ოცნების" თავნჯდომარემ "საქართველოს ისევ ომში ჩართვის მცდელობაზე" ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვას, ვისგან ხედავს კოორდინაციას, გულისხმობს, თუ არა სტრატეგიულ პარტნიორს, შეერთებულ შტატებს, კობახიძე არ პასუხობს.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვის სურს საქართველო ომში ჩაერთოს და ვის არ სურს, რადგან ომში ჩართვა არ არის მარტივი საკითხი. დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს ქვეყნის განადგურებას. რაც დღემდე ვიცოდით, „ნაცმოძრაობას“ ეს ცალსახად სურს, ამას არც მალავენ დაწყებული საკუთარი გარე ექსპერტების მეშვეობით, დაწყებული ლომჯარიათი და გიგაურით, დამთავრებული მარგველაშვილით და უსუფაშვილით, ყველა ლაპარაკობს პრაქტიკულად ამაზე, მათ ომი სურთ და ისინი არიან ომის პარტია. ყველამ კარგად ვიცით, უკრაინის მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირი ფორმით გაკეთდა. ეს არის ის, რაც ვიცით უტყუარი ფორმით. რაც შეეხება მეტ კონკრეტიკას ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მეტს ვერ ვიტყვი“, - დასძინა კობახიძემ.
რაც შეეხება ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო მობრუნებას, კობახიძე ამბობს, რომ თუ ვინმეს აქვს იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში ის "ოცნების" დამფუძნებელს კარგად არ იცნობს.
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს მეორედ უჩივის და საერთაშორისო მედიისთვის პრესკომფერენციების სერიას აანონსებს