მუშაობა მედიატორებთან და შიდა უწყვეტი პროტესტი - ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე

14.04.21 11:58
მუშაობა მედიატორებთან და შიდა უწყვეტი პროტესტი - ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე

ნიკა მელიას პატიმრობა და ჩიხში შესული მოლაპარაკებები - ოპოზიცია სამომავლო, სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი მედიატორებთან მუშაობას განაგრძობენ და პარალელურად, ქვეყნის შიგნით პროტესტს არ შეწყვეტენ.

ჩვენ გავაგრძელებთ ისევ მუშაობას ჩვენს მედიატორებთან იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და შევეცდებით, რომ დარჩენილი ორი პუნქტი იქნეს შეთანხმებული მათთან. ამავე დროს, მზადება იქნება იმ პროტესტისთვის, რომელიც დააანონსა ოპოზიციამ, - აცხადებს „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

ამავე აზრს იზიარებს „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ანზორ ბიწაძეც.

ბრძოლა უნდა იყოს ორკომპენენტიანი. ერთი არის საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუშაობის გაძლიერება და მეორე, შიდა პოლიტიკური ზეწოლა ქვეყანაში „ქართულ ოცნებაზე“ იმიტომ, რომ ფაქტია, ისინი არაფრის დათმობას არ აპირებენ, - ამბობს ბიწაძე. 

პროტესტი გაგრძელებაზე საუბრობს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავაც.

ფართომასშტაბიანი დიდი აქცია იგეგმება 15 მაისისთის, თუმცა, რა თქმა უნდა, მანამდეც სამოქალაქო აქტივისტებიც, ისევე როგორც ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაცია და სხვადასხვა ახალგაზრდული ჯგუფები ზოგადად, დარწმუნებული ვარ, რომ განგრძობადი პროტესტით გამოხატავენ იმ უკმაყოფილებას, რაც საზოგადოებაში არის რეჟიმის მიმართ, მათ შორის, გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ, - ამბობს ბოკუჩავა.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ვიდრე ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში რჩება, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებზე არ მივა.