არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას - ზაალ უდუმაშვილი

14.04.21 13:24
არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას - ზაალ უდუმაშვილი

"არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან  „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა. უდუმაშვილის თქმით, "ოცნებამ" პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მელია გაათავისუფლოს. 

მიუხედავად არაერთი მყარი მტკიცებულებისა, რომელიც დაცვის მხარემ წარადგინა, სასამართლომ, უფრო სწორად ივანიშვილმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია პატიმრობაში დარჩენილიყო. ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ, როგორ ყალბდებოდა ამ საქმეზე მტკიცებულებები? ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ, შს მაღალჩინოსანი როგორ ავალებდა პოლიციელებს, რომ 20 ივნისის ღამეს გახმოვანების სისტემის კაბელები გადაეჭრა და ამით აქციაზე ქაოსი შეექმნათ? ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის აღიარება, რომ ნიკა მელიას დაკავების საკითხი „ქართული ოცნების“ ზედა ეშელონებში განიხილებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა სასამართლო არ იყო გამართული? ამის მიუხედავად, ღირსებაჩამორთმეულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს მტკიცებულებები და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა - განაცხადა უდუმაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, გუშინ პატიმრობაში დატოვა.