"წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი" - ექსკლუზიური ინტერვიუ ვიოლა ფონ კრამონთან
"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტართან, რომელიც თეა წულუკიანმა სახელმწიფო გადატრიალების მომზადებასა და ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების დამხობის მცდელობაში დაადანაშაულა.
მოქმედი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, გაოგნებულია თეა წულუკიანის შეთქმულების თეორიით და ამბობს, რომ 2012 წელს, როდესაც სააკაშვილის დამარცხებას ერთად ზეიმობდნენ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ, წულუკიანის თავდასხმის სამიზნე გახდებოდა.
გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული ვარ. 2012 წელს მე ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ქალბატონ წულუკიანთან. მე მაშინ საქართველოში მის ოფისში ვიყავი და ბევრი ვისაუბრეთ. ორივეს ძალიან გვიხაროდა, როცა ,,ნაციონალური მოძრაობისა" და მიშას (სააკაშვილის) გადარჩევა მოხდა. კანონის უზენაესობაზე, ციხეებში პატიმრების საკითხებზე, დემოკრატიულ რეფორმებზე ჩვენ აბსოლუტურად ერთ მხარეს ვიყავით. მე ვიცი, რომ ის განათლებული ადამიანია, წლების განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ევროპული სასამართლოსთვის. ის დემოკრატიის მხარდამჭერი იყო.
ახლა რაღაც მოხდა, არანაირი იდეა არ მაქვს, რატომ გახდა ის ასეთი რადიკალური და რატომ ავრცელებს ასეთ ინფორმაციებს. მე ,,ნაციონალური მოძრაობის" ბანაკში არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ! მიკვირს, რატომ ამირჩია მე. რადგან აქ, ევროპის პარლამენტში 5 მსხვილი პარტია ვართ, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთნაირად ფიქრობს.
მისი ბრალდებები ჩემზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა და იმედგამაცრუებელია. წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი! როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც, ჩვენ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება"- განაცხადა ევროპარლამენტარმა.
ვიოლა ფონ კრამონი სვამს კითხვას, რატომ მოხდა ამდენი ნეგატიური რამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში, მას შემდე,გ რაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის კითხვარი შეავსო და პასუხის მოლოდინშია. ევროპარლამენტარი ეჭვობს, რომ ხელისუფლება ერთის მხრივ აცხადებს, რომ ევროატლანტიკური სივრცისკენ მიისწრაფვის, თუმცა ამის პარალელრად ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პროცესი შეჩერდეს.
ვიოლა ფონ კრამონი "მთავარი არხის" ხელმძღვანელის დაკავებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფაქტი ბევრ კითხვას აჩენს, რაც ევროინტეგრაციის ხელშემწყობი ნამდვილად ვერ იქნება.
ევროპარლამენტარი "პირველებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილსაც ახსენებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კონსტრუქციული გამოსავალი უნდა გამოძებნოს და მესამე პრეზიდენტს იმის საშუალება უნდა მისცეს, რომ სხვა ქვეყანაში იმკურნალოს.
თუ სანქციების პერსპექტივაზე მეკითხებით, მე ამერიკის ან ევროკავშირის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის, რასაც ვხედავ, არის გაზრდილი უკმაყოფილება "ქართული ოცნების" მიმართ. ერთი ხელით ევროინტეგრაციისთვის იბრძოდე და მეორეთი ყველაფერს აკეთებდე, ამის საწინააღმდეგოდ, ეს ბუნებრივია, ძალიან გაართულებს პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებას, რასაც ახლა საქართველოში ევროკავშირისგან ელოდებიან. "ქართული ოცნება" ქართული საზოგადოებისგან განსხვავებით, თავს არ წარმოადგენს, როგორც პროდასავლურსა და პროევროპულს.
რატომ მოხდა ამდენი ნეგატიური რამ ბოლო სამ კვირაში, როცა თქვენ პასუხის მოლოდინში ხართ. ევროინტეგრაციას არ დაეხმარება ნიკა გვარამიას საქმე, რადგან ამ გადაწყვეტილებამ კითხვები გააჩინა ბრალდების, დროის და დასაბუთების შესახებ.
პოლარიზაციას ზრდის სააკაშვილის საქმე. მე ვიცი, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა. საქართველოს ხელისუფლებას ვთხოვ, იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და მისცეს მას სხვა ქვეყანაში მკურნალობის საშუალება. რადგან ვიცით, რომ მაგალითად პოლონეთი ამისთვის მზადაა. ამ პროცესს მოლაპარაკებები სჭირდება და ვფიქრობ, ვიპოვით გამოსავალს"- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.