გზა ევროკავშირისკენ - ზურაბიშვილმა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს ერთიანობისკენ მოუწოდა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე ქართველი ხალხის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციაც და მმართველი პარტიაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრობისთვის მნიშვნელოვანია ერთიანობა. მისი თქმით, პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.
ჩვენს წინ ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი მოქნილებიდან, როგორც პატარა ქვეყანა, თუკი ჩვენ შევძლებთ ჩვენი ადგილის დანახვას და გამყარებას. ვერ განვსაზღვრავთ, რა იქნება რუსეთის რეაქცია მორალური მარცხის და იზოლაციის შედეგად, რომელიც შესაძლოა, განახლებული აგრესიით მიუბრუნდეს სხვა მეზობლებს, მათ შორის, საქართველოს, რისი საფრთხეც არსებობს თუნდაც რეფერენდუმის ფორმით.
ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთიანებული არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. საბოლოოდ, ამ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს. მთავრობის თუ ოპოზიციის ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არ აყენებდეს საფრთხის ქვეშ, რომ მიზანი ძალიან ცხადი უნდა იყოს და ეჭვს არ ბადებდეს ჩვენს გულწრფელ არჩევანზე და მიმართულებებზე, - განაცხადა პრეზიდენტმა.