ქვეყნის ევროინტეგრაცია - კობახიძის იერიშების შემდეგ "ოცნების" დეპუტატები თავის მართლების რეჟიმში არიან
ირაკლი კობახიძის იერიშის შემდეგ, "ქართული ოცნების" დეპუტატები თავის მართლების რეჟიმზე გადავიდნენ. მაკა ბოჭორიშვილი და მიხეილ სარჯველაძე პარლამენტში იმის სათქმელად მივიდნენ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად უნდა ვიყოთ.
ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღონ ის გადაწყვეტილება, რაც სჭირდება საქართველოს.
საქართველოს სჭირდება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დღეს. ყველაფერს უნდა ველოდოთ, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ ძალისხმევას დარჩენილი 1 თვის განმავლობაში და ასევე, ჩვენ გვიწევს გავუმკლავდეთ იმას, რაზედაც დღეს იყო უკვე საუბარი, იმ კამპანიას, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ, - თქვა მარიკა ბოჭორიშვილმა.
მმართველი პარტიის დეპუტატები თავმჯდომარის რიტორიკას არ უერთდებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლება არ ცდილობს ვინმეს რაიმე გადააბრალოს. მიხეილ სარჯველაძე ასევე ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით რეფორმების შეუსრულებლობა ბარიერი ვერ იქნება.
გადაბრალებაზე საერთოდ საუბარი არ დგას ხელისუფლების მხრიდან, საუბარია იმაზე, რომ ერთმნიშვნელოვნად საქართველო დღეს უდავოდ იმსახურებს იმას, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. შესაბამისად, არ მგონია, რომ რაიმე კონკრეტული რეფორმა არის ისეთი, რისი განუხორციელებლობაც შეიძლება ჩაეთვალოს ნაკლოვანებაში წინაღობად კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს თქვა, რომ ევროკავშირისგან ქვეყნის კანდიდატობის სტატუსზე უარით ოპოზიციაა დაინტერესებული.