"ტყუილები", რომელიც კობახიძის მტკიცებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში "შეაპარეს" - "ოცნება" ისევ შეთქმულებაზე საუბრობს
"შევეხებით არაერთ შედარებით მეორეხარისხოვან ფაქტობრივ უზუსტობასა და ტყუილს, რომელიც კამპანიის მონაწილეებმა ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეაპარეს" - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ისევ შეთქმულების თეორიაზე საუბრობს და ირწმუნება, რომ რეზოლუცია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზეა საუბარი, მცდარი ინფორმაციებით არის გაჯერებული:
რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლება დღემდე უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანაზე, როდესაც სააკაშვილი დღესაც სწორედ კერძო კლინიკაში იმყოფება.
ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, როდესაც გარდაცვალების რეალური მიზეზი საზოგადოებისთვის კარად არის ცნობილი.
5 ივლისის თემაზე რეზოლუციაში ვკითხულობთ კიდევ ერთ მცდარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 5 ივლისის შემდეგ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმებმა უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. სამწუხაროა, როდესაც ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღებამდე ამგვარი ფაქტების გადამოწმება არ ხდება.
2012 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ არც ერთ რეზოლუციასა და ოფიციალურ დოკუმენტში არც ერთი მსგავსი ტყუილი არ გაპარულა. როდესაც კონკრეტული პირები ახერხებენ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ესოდენ უხეში ფაქტობრივი უზუსტობები და ტყუილები შეაპარონ, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია", - განაცახადა კობახიძემ.