თუ ძალადობა მოხდა, მაშინ 10 წელი სად იყო? - ბოლქვაძე შესაძლო ძალადობაზე

15.04.21 21:43
თუ ძალადობა მოხდა, მაშინ 10 წელი სად იყო? - ბოლქვაძე შესაძლო ძალადობაზე

"ეს არის ზეპირსიტყვიერება. ადამიანი გამოდის და 10 წლის შემდეგ იძახის- ძალადობაო, მაშინ 10 წელი სად იყო?", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე, მსახიობ ქალზე, ნინუცა მაყაშვილზე, განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს. 

ბოლქვაძემ თემის კომენტირებისას თქვა, რომ ძალადობა ცალსახად დასაგმობია, თუმცა იქვე მსახიობის აღიარებაში ეჭვი შეიტანა: 

ძალადობა არის ცალსახად დასაგმობი, მაგრამ ეს იყო ძალადობა, არ იყო ძალადობა, ვინ როგორ გამოიყენა, ეს არის შესასწავლი თემა”, – ამბობს დეპუტატი. 

ელისო ბოლქვაძემ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუას მხარდაჭერა გამოუცხადა.

დეპუტატი თვლის, რომ რეჟისორის მხრიდან სავარაუდო მოძალადის მხარდაჭერა ძალადობის წახალისება არ არის. 

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა. 

ბესო ზანგური ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას თავად აპირებს. 

ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური საგამოძიებო უწყებაში არიან დაბარებულები. მაყაშვილი უწყებაში მისვლას და სამართლებივი დავის დაწყებას არ აპირებს.