კობახიძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის ანგარიშები საჯარო არ უნდა იყოს

30.10.26 15:29
კობახიძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის ანგარიშები საჯარო არ უნდა იყოს

რატომ უნდა იყოს კერძო ფონდის ანგარიშები საჯარო - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ “პირველების“ კითხვას, “რა აქვს დასამალი ბიძინა ივანიშვილს.“

კობახიძემ ვერ უარყო, რომ საქველმოქმედო ფონდი “ქართუს“ ანგარიშები გასაიდუმლოებულია და მისი მთავარი არგუმენტი იყო - “კერძო ორგანიზაცია არ არის ვალდებული, გაასაჯაროვოს მისი ფინანსური ანგარიშები“.

კერძო ფონდის ანგარიშები რატომ უნდა იყოს საჯარო. თქვენ გამოხვედით და რუსული კანონი დაარქვით იმ კანონს, რომელიც ითვალისწინებდა ენჯეოების ფინანსების საჯაროობას. აქ საუბარია კერძო საქველმოქმედო ფონდზე, კერძო ორგანიზაციაზე, რომელიც არცერთ ქვეყანაში ფინანსურად საჯარო არ არის. დასამალი რა შუაშია. არის უამრავი კერძო ორგანიზაცია საქართველოში და ისინი თვითონ ახორციელებენ  კერძო საქმიანობას. კითხვები შეიძლება თქვენ გიჩნდებოდეთ, მაგრამ კერძო ორგანიზაციაზე არ ვრცელდება ეს, - ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას მალავს ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე პასუხობს:

არაფერს არ მალავს, კერძო ორგანიზაციების ფინანსები, პრინციპია მარტივი, რომ არაკერძოსი უნდა იყოს გამჭვირვალე და კერძოსი არ უნდა იყოს. მარტივი საკითხია. თვითონ ეს პროექტებიც, რაც არის, მაგალითად, რომ ავიღოთ პარაგრაფი შეკვეთილში, ან პარაგრაფის სასტუმროები თბილისში, თავისთავად ამასაც აქვს საქველმოქმედო შინაარსი, რომ ავიღოთ შეკვეთილის პროექტი, მთლიანად გურიის რეგიონის და შავი ზღვის პირა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იყო მასშტაბური პროექტის განხორციელება იმისთვის, რომ სხვა ეკონომიკური პროცესებიც სტიმულირებაც მომხდარიყო, -განაცხადა კობახიძემ. 

  • საქართველოში არსებობს საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი, სადაც შეყვანიალი ფონდი “ქართუც“. მას აქვს ოფიციალურად სტატუსი და შესაბამისად, კანონი ავალდებულებს, რომ გაასაჯაროვოს მისი ფინანსური ანგარიშები.

კორუფციის მკვლევარები ეჭვობენ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის საფარ ქვეშ ივანიშვილის ოჯახი ბიზნესს აკეთებს და ამაზე არაერთი საკითხი მეტყველებს.

კანონის უხეში დარღვევით, 5 წელია გასაიდუმლოებულია ფონდის პროგრამული ანგარიშები და ფინანსური დოკუმენტაცია, რაც რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს, რომ რაღაც უკანონობა ხდება ფონდში. ფონდის ქონება გამოიყენება ხშირ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის პირადი სარგებლის მისაღებად, მაგალითად, ახლაც ფონდის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, იპოთეკითაა დატვირთული იმისთვის, რომ ივანიშვილის კუთვნილმა კომპანიებმა აიღონ სესხი. ვერანაირ ქველმოქმედებაში ვერ ჩაითვლება მილიარდერისთვის სესხის აღებაში დახმარება. ასევე, რამდენიმე წლის წინ 452 მილიონი ლარი ფონდმა იაფი ფულის სახით გასცა მის საკუთრებაში სასტუმრო და დეველოპერული ბიზნესებისთვის და შეუძლებელია, ესეც ქველმოქმედებად მივიჩნიოთ, შესაბამისად, ჩნდება კითხვა, გადასულია თუ არა ფონდი ფულის კეთებაზე, ბიზნესის კეთებაზე და საერთოდ რა ნაწილი უჭირავს ფონდის საქმიანობაში ქველმოქმედებას. პირველი ფონდის ანგარიშები უნდა გასაჯაროვდეს და პასუხი უნდა გეცეს შეკითხვას, რა ფული ტრიალებს ფონდში, საიდან ეს ასეულობით მილიონი და მილიარდობით ლარი, რომელსაც წლების განმავლობაში, რომელსა როგორც ჩანს ფონდი ძირიტადად მიმართავს ბიზნესსაქმიანობაზე და არა ქველმოქმედებაზე, - ამბობს ირაკლი აბესაძე.  

უკვე მეორე დღეა, “ქართული ოცნება“  აქტიურად საუბრობს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე. ეს კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა გვარამიამ საკონტიტუციო სასამართლოში თქვა, რომ ივანიშვილის ქველმოქმედების საფარქვეშ ბიზნესის კეთება და გადასახადებისთვის თავის არიდება ხდება.  

მსგავსი სიახლეები