რეიტინგების ომი "ოცნებაში" დარჩენილებსა და წასულებს შორის - მთავარია, რა გაქვს გაკეთებული

15.04.21 22:04
რეიტინგების ომი "ოცნებაში" დარჩენილებსა და წასულებს შორის - მთავარია, რა გაქვს გაკეთებული

პარლამენტის თავმჯდომარე რეიტინგებში გარკვევით დაკავდა - არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პირადი რეიტინგი პოლიტიკაში გადამწყვეტი არ არის. 

თალაკვაძე ამ განცხადებით ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდს პასუხობს, რომლებიც ექსპრემიერის პირადი რეიტინგით აპელირებენ. 

ევროპული დემოკრატია პარტიების შეჯიბრია და ფაქტია, არჩევნებშიც და საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევებშიც ,,ქართულ ოცნებას" პარტიებს შორის დღესაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს გუნდური შედეგია. გარდა ამისა, ვინც მუშაობს და იმ საქმეს აკეთებს, რისიც მართლა სჯერა, შეიძლება რეიტინგიც "დახარჯოს" ამაში - ეს კანონზომიერია. შესაბამისად, მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი. არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც "მაღალი რეიტინგის" მქონე პოლიტიკოსები არჩევნებში დიდ შედეგს ვერ იღებენ და პროგრესს ვერ უზრუნველყოფენ და პირიქითაც. გამარჯვება პირველ რიგში იდეის, შენი ქვეყნის და გუნდის ერთგულებაზე, სანდოობაზე და მოკავშირეებზე არის დამოკიდებული. მთავარია, ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, რა რეფორმები, რა დიდი პროექტები, ან რისი გაკეთება გინდოდა მთელი გულით და ვერ გააკეთე.
 
საბოლოო ჯამში, ამას შეგვაფასებს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა. წინ გავიხედოთ და მომავალზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ვინც მომავალს ხედავს, ის მშვიდ და წარმატებულ გადაწყვეტილებებს იღებს"- წერს თალაკვაძე.