ივანიშვილის სანქცირების საკითხი ცალკე დისკუსიას და დოკუმენტს იმსახურებს - მარკეტა გრეგოროვა
"ივანიშვილის სანქცირების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია" - ამის შესახებ გავლენიანი ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა "პირველებთან" საუბრობს. გრეგოროვა არ გამორიცხავს, რომ ოლიგარქის სანქიცირების საკითხზე ცალკე დოკუმენტი შეიმუშავონ.
ევროპარლამენტარი ასევე, "ქართული ოცნების" თავდასხმების სერიას ეხმიანება. გრეგოროვა მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებით გაოგნებულია.
მარკეტა გრეგოროვა 17 გამომსვლელიდან ერთ-ერთი იყო, ვინც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება უმაღლესი ტრიბუნიდან პირდაპირ მოითხოვა.
მე წინააღმდეგი ვიყავი, რომ ამ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სახელი მოხვედრილიყო, რადგან რეზოლუცია ეხება მედიათავისუფლებას და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. ივანიშვილის სანქცირების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ცალკე დისკუსიას და დოკუმენტს იმსახურებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი პროევროპულია, მაგრამ მთავრობა არა. ძალიან სამწუხაროა, რეზოლუციის მიღების შემდეგ მთავრობის ლიდერების რეაქციები. როცა ბრიუსელში ვესაუბრები „ქართული ოცნების“ წარმომდაგენლებს სულ მარწმუნებენ, რომ „ქართული ოცნება“ პროევროპული პარტიაა, მაგრამ შემდეგ მესმის პრემიერის და სხვების განცხადებები, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ევროპარლამენტარებს და ევროკავშირის ინსტიტუციებს. არ ვიცით რა გამოვა აქედან, ამიტომ ჩვენ შეშფოთებას ფურცელზე გამოვხატავთ. არ შეიძლება ამტკიცო, რომ ხარ პროევროპული და ყველაფერი აკეთო ამის საწინააღმდეგოდ. რამდენიმე კვირაა დარჩენილი საგარეო კომიტეტის წლიური ანგარიშის გამოქვეყნებამდე. ამ ანგარიშში ყველა ჩვენი წუხილი და რეკომენდაცია იქნება საქართველოზე. საქართველომ უნდა შეასრულოს დადებული პირობა“ ასოცირების შეთანხმება, სავაჭრო შეთანხმება. თუ ასე არ იქნება, ჩვენ უბრალოდ ვერ დავაფინანსებთ საქართველოს მთავრობას. მინდა, რომ ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის სახელიც მოხვდეს, მაგრამ ეს ჩემს კოლეგებთან ერთობლივი შეთანხმებით უნდა გაკეთდეს, - ამბობს გრეგოროვა.
რამდენიმე კვირაში ევროკავშირის საგარეო კომიტეტის წლიური ანგარიში გამოქვეყნდება, სადაც საქართველოში განვითარებულ პროცესს ვრცელი თავი დაეთმობა. ევროპარლამენტარები კონკრეტულ რეკომენდაციებს გასცემენ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მწვავე რეზოლუციის მიღების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ აღნიშნულ დოკუემნტს ჩალის ფასი აქვს.