''ანდერსენს გადაუჯოკრეს მეზღაპრეობაში" - დავით ხიდაშელი ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს
''ანდერსენს გადაუჯოკრეს მეზღაპრეობაში" - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვა, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, ოპოზიციის მიერ მისი დასანქცირების მოთხოვნას. ხიდაშელი ხელისუფლების ოპონენტების ბრალდებებსაც ეხმიანება და მათ ჩირქის მოცხების მცდელობაში ადანაშაულებს.
ანდერსენს გადაუჯოკრეს მეზღაპრეობაში. მე პოლიტიკაში არ ვღებულობდი, არ ვღებულობდა, არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით. მე ვარ ქართველი და მარტო დავეხმარები საქართველოს საზღვრების აღდგენა-გასწორებაში.
საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ. რაც შეეხება ტყუილებით და უსაფუძვლო ბრალდებებით ჩირქის მოცხების მცდელობებს ჩემს მიმართ, ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექმენით მანდ, რომ ჩამოსვლას აზრიც არ აქვს. რასაც უნდა იძახიან და წერენ, ენას ძვალი არ აქვსო, რომ იტყვიან, - წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის დასანქცირებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებმა ხუთკაციანი შავი სია შეადგინეს, რომელიც დასავლეთს გადაეგზავნება.
ხუთკაციან სიაში უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ირაკლი რუხაძე, ოთარ ფარცხალაძე და დავით ხიდაშელი არიან შეყვანილი. სწორედ ივანიშვილის გარემოცვის ეს წევრები ფლობენ დასავლეთში დიდ ქონებას და სანქციები მათთვის დიდი დარტყმა იქნება.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ივანიშვილს სახელმწიფო სწორედ ამ ხუთკაციანი გარემოცვის მეშვეობით აქვს მიტაცებული.