ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ - ხუნდაძე
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ, - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ევროკავშირის მიერ გუშინ მიღებულ მწვავე რეზოლუციას. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.
დეპუტატი ევროკავშირს უსამართლო ბრალდებებში ადანაშაულებს და მიღებულ დოკუმენტს შეურაცხყმყოფელს უწოდებს.
გუშინდელმა ევროპარლამენტის რეზოლუციამ ყველა ზღვარს გადააბიჯა. ეს იყო ღია შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. უფრო მეტიც, ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ! ევროკავშირის შექმნამდე, ევროპის ჩამოყალიბებაში საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა. ევროკავშირის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ეს გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. და რა ვნახეთ გუშინ? ვნახეთ ქედმაღლურად დამყურე ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროპული ოჯახის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზებულ სახელმწიფოს. ჩვენ ამისთვის არ გვიშრომია არც მე-19 საუკუნეში და არ გვიბრძოლია არც ბოლო ათეული წლები. გუშინდელ დღეზე ქართველი ხალხის განრისხება სამართლიანია. საქართველოს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა. გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება. პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა. რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა, - თქვა ხუნდაძემ.