დაშავებულია 5 თანამშრომელი - ხელჩართული ჩხუბი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სტუდენტების პროტესტი გამწვავდა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოხდა.
სტუდენტებმა უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შერვაშიძის, სამუშაო კაბინეტი დაიკავეს და მის გადადგომას ითხოვენ. ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. დაპირისპირების დროს უსაფრთხოების სამსახურის 5 წარმომადგენელი დაშავდა. ისინი ახლა ჰოსპიტალიზირებულები არიან.
სტუდენტების მოთხოვნა კვლავ იგივეა- უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღირსეული საერთო საცხოვრებელი, გამოცდების ონლაინ ჩატარება და უნივერსიტეტის ფინანსური გამჭვირვალობა. დღეს ამ მოთხოვნებს ახალი დაემატა - რექტორის გადადგომა.
ჩვენ დავიკავეთ რექტორის კაბინეტი, რომელიც ჩაკეტილი იყო. რექტორი არ ხვდებოდა სტუდენტებს, თავს არიდებდა სტუდენტებთან საჯარო საუბარს, პასუხის გაცემას, ამიტომაც შემოვედით მის კაბინეტში. ვითხოვთ, შეიკრიბოს აკადემიური საბჭო, შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება და გაითვალსიწინოს ჩვენი მოთხოვნები - ამბობს თსუ-ს სტუდენტი.