სუს-ის დამნაშავე თანამშრომლები - "ოცნებას" შაბათის ეთერში გასული მამხილებელი რეპორტაჟის არ სჯერა
რატომ არ დააკავეს 5 ივლისის სისხლიანი მოვლენების ორგანიზატორები - "ქართულ ოცნებას" "შაბათის ეთერში" გასული სკანდალური მასალის ავთენტიკურობის არ სჯერა. მმართველი გუნდი ნოდარ მელაძეს პროკურატურაში მისვლას და მტკიცებულებების წარდგენას სთხოვს.
ირაკლი ზარქუას თქმით, ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.
ვინც რაც არ უნდა თქვას ახლა და რაღაც სიუჟეტები თხზას და მოიგონოს, ეს არის მეათე ხარისხოვანი. 5 ივლისს რაც მოხდა, ეს იყო ტრაგედია. ნოდარ მელაძეს თავის გადაცემაში, რომ უფრო ყურებადი გახადოს, რა მოელანდება და რაღაცას თხზავს, არაერთი მოგვისმენია და გვინახავს ასეთი სიუჟეტები. თუ რამე კონკრეტული აქვს, წარადგინოს, სიუჟეტებში კი არ წარმოაჩინოს, არამედ წარადგინოს გამოძიებაზე, წარადგინოს შესაბამის ინსტანციაში, ჩვენებები მისცეს და ამის შემდეგ თუ არ იქნება რეაგირება, მერე ექნება საფუძველი, რომ ასე ხმამაღლა ილაპარაკოს.
„ქართული ოცნება“ არასდროს არ დგას ძალადობის უკან. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. ყველა, ვინც იყო შემხებლობაში, უკვე დაჭერილია, ვინც მოძალადე იყო - დაჭერილია და თუ ვინმე კიდევ დარჩა, ვისაც რამე შემხებლობა ჰქონდა, ძიება გრძელდება და იქნება გადაწყვეტილება მიღებული, - ამბობს ზარქუა.
იმაში, რომ 5 ივლისის მოვლენები ხელისუფლების მიერ წახალისებული და ორგანიზებული იყო, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეჭვი არ ეპარებათ. მესამე სექტორმა 1 წლის განმავლობაში ბრძანების გამცემი მაღალჩინოსნების გამოკითხვის მოთხოვნით შოთაძის უწყებას არაერთხელ მიმართა, თუმცა პროკურატურას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.
ნორმალურ ქვეყანაში ასეთი ფაქტები გამოძიებული იქნებოდა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებაში კითხვები იყო, იდგნენ თუ არა ამის უკან სახელმწიფოს წარმომადგენლები. დღეს უკვე ნამდვილად ვიცით, რატომ არ იძიებს სახელმწიფო. იმიტომ, რომ მაშინ თავისი წარმომადგენლები უნდა დაიჭირონ და ეს რომ გააკეთონ, ის სისტემა, რომელსაც ისინი ქმნიდნენ ამდენი წის განმავლობაში, ჩამოიშლება. ყველა ფორმალურ გზას მივმართავთ. ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, რომ გამოიძონ ეს ფაქტები და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური განაცხადი გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობდეს, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" სუს-ის თანამშრომლების საიდუმლო მიმოწერა მოიპოვა, საიდანაც ირკვევა, რომ დედაქალაქის ცენტრში 5 ივლისის სისხლისღვრა სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დაგეგმა.
მიხეილ ტურაბელიძე, მირიან ხუროშვილი, დიმიტრი კაპანაძე, თამაზ ბრეგვაძე, გია ბარამიძე, გიორგი ყიფშიძე და თამარ ზამბახიძე- სუს-ის ის თანამშრომლები არიან, რომლებიც უმძიმეს დღეს დავალებებს გასცემდნენ და იღებდნენ.