უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს, ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა - ღარიბაშვილი

13.06.22 14:17
უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს, ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, "საგარეო ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ეს ტენდენციები მაისშიც გაგრძელდა". 

ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა.

რეკორდულია არა მხოლოდ წინა წლების მაისის, არამედ ზოგადად ყველა სხვა თვეებთან შედარებით. აღნიშნული რა თქმა უნდა განსაკუთრებით აღსანიშნავია რეგიონში შექმნილი ამ უბედურების ფონზე, უკრაინაში ასეთი ომი მიმდინარეობს და ჩვენთან ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა. ექსპორტი, ტურიზმი, ზოგადად ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, რომელიც არის უპრეცედენტო დღეს ასეთ ვითარებაში მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ ევროპაში, 14,4% გვქონდა ჩვენ პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა და 4 თვეში 10,8% ზრდა"- თქვა მან. 


პრემიერ ღარიბაშვილის მტკიცებით, "ეს შედეგი" ხელისუფლების წინდახედულობის შედეგია. 

რომ წარმოვიდგინოთ, მთავრობას არ გამოეჩინა ჩვენი ეროვნული პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეებისთვის სასარგებლო პოლიტიკა და რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო, მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, აი, შიდა მტრები, რომლებიც ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის პირდაპირ ომში ჩართვას, ვინმეს ილუზია აქვს, რომ დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი აღარ იქნებოდა"- თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე მტკიცებით, ეროვნული ვალუტა არის გამყარებული და ეს ტენდენცია გრძელდება.

ეს ყველაფერი თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავუწესებდით ეკონომიკურ სანქციებს, ანუ უნდა შეგვწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან"- დასძინა ღარიბაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები