ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუცია - ირაკლი ღარიბაშვილის ღია იერიში ევროპარლამენტზე
ირაკლი ღარიბაშვილის ღია იერიში ევროპარლამენტის წევრებზე - მან ოფიციალურ გადაწყვეტილებას „ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული“ უწოდა.
ეს საშინელებები, რაც ჩაწერეს რეზოლუციაში, მართლაც სამარცხვინო ბრალდებები, არის ამათი (ოპოზიციის) მიწოდებული ე.წ. ფაქტები და მტკიცებულებები. გამოდის, რომ თუ ამ ადამიანებს ქვეყნის მომავალზე გული შესტკივათ, როგორც ისინი ამბობენ, რატომ არ მოუწოდეს თავის (epp-ს) პარტიას, რომ ასეთ სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში? ჩვენ კითხვები არ გვაქვს, ყველას ყველაფერი კარგად ესმის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი კრიტიკული რეზოლუციის უკან "ნაციონალურ მოძრაობას" ხედავს. მისივე შეფასებით, "შიდა მტრებმა“ „ სრულიად ხელმოცარულებმა, როცა ქაოსის შექმნით ომში ჩართვა ვერ შეძლეს ქვეყნის, ასეთი მავნებლობით ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას.“
რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო „ევროპის სახალხო პარტია“. შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მოკავშირე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ეს უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და საუბარი არ ეხება მთავრობას და მმართველ გუნდს, სახელმწიფოს წინააღმდეგ არის ეს მიმართული.
ასეთი უპასუხისმგებლო და სამარცხვინო რეზოლუციის მიღება პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რაც მე ვთქვი, რაც ჩვენმა გუნდის წევრებმა არაერთხელ გაიმეორეს. ერთის მხრივ, გამოვიდნენ და შეიცხადეს ყველამ, ამას როგორ ვიკადრებთ, თუმცა არ უკადრებიათ თუ რა? გახსოვთ, როდესაც უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, პირდაპირ ეხვეწებოდნენ, მუხლისჩოქით დადიოდნენ ევროპაში, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ უვიზო რეჟიმი, ანუ ჩვენი ქვეყანა და ხალხი დაესაჯათ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ამათ არ გაუკეთებიათ. ამის ილუზია არავის აქვს, რომ ამ საცოდავებს ამდენი შეუძლიათ, თუმცა ფაქტია, რომ როლი შეასრულეს და გამოიყენეს მათი განცხადებები"- თქვა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ EPP-ს გარდა, რეზოლუციის ავტორები "მწვანეები და რეგიონალისტები", "სოციალ-დემოკრატები" კონსერვატორები და რეფორმისტები და "ლიბერალები" არიან.