სამი წლის შემდეგ დაკავებული ბრალდებული - სარალიძის საქმის ახალი გამოძიება გახარიამდე მიდის?
რატომ დააკავეს დათუნა სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სამი წლისა და ხუთი თვის შემდეგ - ეს კითხვა "ტვ პირველთან" ბრალდებულის დედამ გუშინვე დასვა. იგივე გაიმეორა დღეს დაკავებულის ადვოკატმა.
მედიაში კი უკვე გაჩნდა კითხვები პოლიტიკურ მხარეზე. საზოგადოება ელოდება კითხვაზე პასუხს, რა შავი ხვრელები იპოვა სარალიძის მკვლელობის საქმეში ისეთი ვახტანგ გომელაურმა? ბევრი, ამ თემის გააქტიურებას გიორგი გახარიას წასვლას უკავშირებს.
წლების განმავლობაში ამ საქმეს გიორგი გახარიას გუნდი იძიებდა.
მოკლული სკოლის მოსწავლის ოჯახი ყველა იმ გამომძიებლის და პროკურორის დაკავებას ითხოვს, ვინც სარალიძის საქმე გააყალბა.
გახარიას გუნდი კი "ტვ.პირველთან" ამბობს, რომ საქმეზე ყველა კითხვას პასუხი სწორედ გახარიას მინისტრობის პერიოდში გაეცა.
"გიორგი გახარიას მინისტრობის დროს ეს საქმე ძალიან საფუძვლიანად იქნა შესწავლილი და გამოკვლეული და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები ბოლომდე ამოწურულია. ახლა სავარაუდოდ გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რის საფუძველზეც მოხდა ერთი პირის დაკავება. ჩვენს პარტიას არანაირი შეხება აქვს ამ საქმესთან"- განაცხადა "ტვ. პირველთან" გიორგი ხოჯევანიშვილმა.
მეთერთმეტე კლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათუნაშვილი სარალიძე ქალაქის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე, ბნელ ფარდულში, 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა. დათუნა სარალიძე კი 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ „დანაშაულში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და დაკავებულია“.
დათუნა სარალიძის მამის პროტესტისა და საქმეში აღმოჩენილი არაერთი უზუსტობების შემდეგ, რეზონანსული საქმე შოთაძის უწყებამ წაიღო, თუმცა, გახარიას გაპრემიერების შემდეგ, მალევე ხორავას საქმე ისევ შსს-მ გადაიბარა.