100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა სურს - კელი დეგნანი
განცხადებები, თითქოს ამერიკას უნდა საქართველოს ომში ჩათრევა, ან მეორე ფრონტის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია - ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა. კელი დეგნანი პრემიერ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირი და ნატო მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვისთვის შეიქმნა და არა ომის საწარმოებლად.
ყველაფერი, რასაც 30 წელია, საქართველოში ვაკეთებთ, იმისთვისაა, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი - ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია. ეს ქართველ ხალხს უნდა. განცხადებები, თითქოს ამერიკას უნდა საქართველოს ომში ჩათრევა, ან მეორე ფრონტის გახსნა, ეს არის 100%-ით რუსული დეზინფორმაცია.
ამერიკას არ სურს რომელიმე ქვეყანაში ომი. ევროკავშირი და ნატო სწორედ უსაფრთხოებას, მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. მათი წევრობა კი მშვიდობის გარანტია. ჩვენც ეს გვინდა ქართველი ხალხისთვის.
დღეს ვერ ვისაუბრებ პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, თუმცა გეტყვით იმას, რომ მე არ ვიცი, არავინ მეგულება საქართველოში ვინმე, ვისაც სურს, რომ ქვეყანა იყოს ომში ჩართული.
საქართველომ ეს მძიმე დღეები ისედაც გაიარა - განაცხადა კელი დეგნანმა.