მოსამართლეების შავი სია - ელენე ხოშტარია 9 მოსამართლის დასანქცირებას ითხოვს

14.06.22 12:54
მოსამართლეების შავი სია - ელენე ხოშტარია 9 მოსამართლის დასანქცირებას ითხოვს

მძიმე დღე ე.წ. სამართლო კლანის წევრებისთვის -  "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, მართლმსაჯულების ხელყოფის გამო, 9 მოქმედი მოსამართლის დასანქცირებას ითხოვს. 

ოპოზიციის ლიდერის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორებთან, სანქციების მოთხოვნით იმ მოსამართლეების სია გადააგზავნა, ვინც პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელია. როგორც სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, სია შედგენილია კოალიცია ,,მართლმსაჯულებისთვის" გაერთიანებაში მყოფი ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე.

სია და მოსამართლეთა გახმაურებული საქმეები ასე გამოიყურება

1. მიხეილ ჩინჩალაძე - "წინა მთავრობის პროკურორი, რომელიც მერე პოლიტიკური მსახურებისთვის იყო დაწინაურებული მოსამართლედ და 2013 წლის შემდეგ გახდა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ჩრდილოვანი საყრდენი კლანის შექმნაში. ის შედარებით ჩრდილშია, ვიდრე მაგალითად ლევან მურუსიძე, მაგრამ ის არის რეალური კლანის თავი, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული"

2. ლევან მურუსიძე - "გამოირჩევა მძიმე საქმეებით, მათ შორის წინა ხელისუფლებაში. უკავშირდება გირგვლიანის საქმეს. 2013 წელს მას ღიად შეხვდა ბიძინა ივანიშვილი, ღიად დაასახელა სასამართლოს ღერძად და მას შემდეგ ის არ ერიდება, მათ შორის, არც პოლიტიკურ კამპანიებში გამოჩენას, პოლიტიკური განცხადების და თავისი მიკერძოებულობის ჩვენებას.  ღიად უწოდებენ ლიდერს ამ სისტემაში. ის არის კლანური, მაფიოზური სასამართლო მმართველობის ლიდერი, ამიტომ ის აუცილებლად უნდა იყოს სანქცირებული".

3. შალვა თადუმაძე - "ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, რომელიც ჯერ გააწესეს პროკურატურაში იმისთვის რომ საქმეები შეეკერა, შემდეგ კი უვადოდ დანიშნეს უკვე უზენაეს სასამართლოში, იმისთვის რომ ჩაიკეტოს ეს პოლიტიკური მართლმსაჯულების სისტემა".

4. გიორგი მიქაუტაძე - "უვადო მოსამართლე უზენაეს სასამართლოში, იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მდივანი მაშინ, როდესაც კლანის საბოლოო გამყარება ხდებოდა. ასრულებდა აბსოლუტურად ღიად ყველა პოლიტიკურ დავალებას".

5. ლაშა ჩხიკვაძე - "ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ის  პრაქტიკულად ნაწილობრივ სანქცირებულია - არ გაუშვეს ამერიკაში. მის სახელს უკავშირდება 2015 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც დაიღუპა ადამიანი, საქმე დღემდე არის მიმდინარე იმისათვის, რომ ის იყოს გამოჭერილი და მან შეასრულოს პოლიტიკური დავალებები.

გვარამიას საქმე არის ის საქმე, რომელიც მყისიერად მთელმა მსოფლიომ მედიაზე შეტევად შეაფასა და Amnesty International-მა მოუწოდა საქართველოს, რომ ის დაუყოვნებლივ იყოს გათავისუფლებული ლაშა ჩხიკვაძე არის ერთ-ერთი სიმბოლო პოლიტიკური მართლმსაჯულების".

6. ძმები ბესიკ და ვალერიან ბუგიანიშვილები - "ოჯახური კლანი, რომელთა ხელშიც გადის და გადიოდა ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმე - "კაბელების საქმე", "ციანიდის საქმე", "რურუას საქმე". მათ გადანაწილებული აქვთ პოლიტიკური საქმეების განაჩენები".

7. ირაკლი შენგელია - "ერთი შეხედვით, ჩრდილში მყოფი მოსამართლე, რომრლიც საყრდენია ჩინჩალაძის, მისი მოადგილე, რომელსაც ცოლი, და, დისშვილი, დის ქმარი ჰყავს დასაქმებული ამ სისტემაში. ეს კლანური სისტემა მათ შორის ეყრდნობა ნათესაური კავშირების ძალიან მყარ გაჯერებას სასამართლო სისტემაში".

8. სერგო მეთოფიშვილი  - "ეს არის საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე საქალაქო სასამართლოში, ანუ მის ხელში გადის სისხლის სამართლის პოლიტიკური საქმეები".  - ამბობს ელენე ხოშტარია.

 

მსგავსი სიახლეები