პროპაგანდის მანქანა დასავლური მისწრაფებების წინააღმდეგ - ISFED TV იმედის კვლევაზე
ტელეკომპანია ,,იმედის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში დასმული კითხვების ნაწილის ფორმულირება არ შეესაბამება ვალიდობის სტანდარტებს, აცდენილია აქტუალობას და მიზნად ისახავს არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, არამედ მის მანიპულირებას და წარმოადგენს პროპაგანდის ინსტრუმენტს" - ასე აფასებს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაშუქებულ, „გორბის“ (GORBI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს.
ISFED-ი აღნიშნავს, რომ GORBI-ს კვლევის ნაწილი, "თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას" წარმოადგენს,
ორგანიზაციის შეფასებით, წარმოდგენილი კვლევა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის მეთოდების არაერთ ტექნიკას აერთიანებს, როგორიცაა შიშის დანერგვა, ადამიანების არარსებული არჩევნის წინაშე დაყენება, მტრის ხატის შექმნა, საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მანიპულაცია და მოტყუება.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც, ევროპარლამენტის რეზოლუციის საპასუხოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი რიტორიკით და მინიშნებებით ყოველდღიურად აკეთებენ საჯარო განცხადებებს,. ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასული კვლევა წარმოადგენს მცდელობას, მსგავსი დამოკიდებულება, საზოგადოების მხრიდან ლეგიტიმურად წარმოაჩინონ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მის შედეგებს აქტიურად იხმობენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, სახელისუფლებო ექსპერტები და სხვა მათთან დაკავშირებული პირები. პროპაგანდის მასშტაბების გასაზრდელად დაინტერესერბული პირები, აქამდე არაერთხელ გამოყენებულ ხერხს მიმართავენ და ფეისბუქზე სხვადასხვა გვერდისა და „საინფორმაციო სააგენტოს“ საშუალებით აზიარებენ GORBI-ის კვლევის შედეგებს. მათ შორის, ფეისბუქზე ანონიმური რეკლამების განთავსების გზით, მოცემული კვლევის შედეგებს მმართველ პარტიის სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის გვერდებიც ავრცელებენ"- წერია განცხადებაში.