მოლაპარაკების ახალი რაუნდი - ოპოზიცია ევროკავშირისგან ზარს ელოდება

03.03.21 11:21
მოლაპარაკების ახალი რაუნდი  - ოპოზიცია ევროკავშირისგან ზარს ელოდება

მოლაპარაკების ახალი რაუნდი „ქართულ ოცნებასთან“ - ოპოზიცია ევროკავშირისგან ზარს ელოდება. კარლ ჰარცელმა მათ ინფორმაცია შეხვედრის დროსა და ადგილის შესახებ უნდა მიაწოდოს. შეთანხმების მისაღწევად ხელისუფლებასა და ოპოზიციას 13 დღე დარჩათ. იმ შემთხვევაში, თუ 16 მარტამდე მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ბრიუსელში ჩასვლა ხელცარიელებს მოუწევთ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, ამბობს, რომ ამ ვადაში მხარეებს შორის გარკვეული ურთიერთგაგება უკვე უნდა არსებობდეს.

მიშელმა დაასახელა, რომ ორი კვირის ვადაში უნდა არსებობდეს, როგორც მინიმუმ, გარკვეული ურთიერთგაგება, რა მდგომარეობაა მის დატოვებულ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ, ველოდებით პირველ ნაბიჯს ევროკავშირისგან და როდესაც დაგვიკავშირდებიან, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით შეხვედრისთვისაც, მზად ვიქნებით განხილვისთვისაც, მაგრამ პირველი ნაბიჯი ორგანიზაციულად, ლოგიკურად უნდა გადაიდგას სწორედ ევროკავშირის მხრიდან და ამიტომ  ველოდებით მათი მხრიდან შეხმიანებას და ინიციატივას, - აცხადებს ბაქრაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიაციის პროცესზე უარზეა. მისი თქმით, სწორედ ამაზე მეტყველებს პრემიერის შეცვლილი რიტორიკა და გზავნილები.

გზავნილები „ქართული ოცნების“ შეიძლება გაგებული იყოს მხოლოდ ისე, რომ ისინი, ფაქტიურად, უარს ამბობენ მედიაციის პროცესზე, იმიტომ, რომ გუშინ რაზეც შევთანხმდით, ამაზე, ფაქტიურად, უკან დაიხია დღეს ღარიბაშვილმა საკუთარ განცხადებებში. ასე, ცხადია, რომ შედეგი ვერ დაიდება და ამას ადეკვატური პასუხი გაეცემა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, - აცხადებს სამადაშვილი.  

ამავე აზრს იზიარებს „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“ -ს  ლიდერი, ნინო ბურჯანაძე. ბურჯანაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მოლაპარაკებებისთვის პოზიტიური წინაპირობის შექმნის ნაცვლად  კუნთების თამაში დაიწყო და პირობა შეცვალა.

გამოიყენებდა უკვე დღევანდელ დღესაც კი, რომ პოზიტიური წინაპირობა შეექმნა ამ მოლაპარაკებებისათვის. ამის ნაცვლად მოვისმინეთ ისევ კუნთების თამაში, ისევ განცხადებები, რომ წითელი ხაზია არჩევნები. აფრენა ვერ მოასწრო ბატონი მიშელის თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტიდან, რომ პირობა შეცვალეს, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის, შარლ მიშელის ინიციატივით მოლაპარაკება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე დღის წინ გაიმართა. შეხვედრაზე 6 პუნქტიანი ჩარჩო  დოკუმენტი შედგა, საიდან ორი პუნქტი უშუალოდ შარლ მიშელმა დაამატა. ეს არის სასამართლო რეფორმა და ძალაუფლების გადანაწილება პარლამენტში.