43 %- იანი ზღვარი და პოლიტიკური მართლმსაჯულება - დაბნეულობა "ოცნებაში"

19.04.21 13:29
 43 %- იანი ზღვარი და პოლიტიკური მართლმსაჯულება - დაბნეულობა "ოცნებაში"

„ქართული ოცნება“ შარლ მიშელის ახალი გეგმის განხილვისთვის მზაობას გამოთქვამს, თუმცა  ვადამდელი არჩევნების შესახებ გაჩენილი ჩანაწერით დაბნეულია. მმართველ პარტიას არ მოსწონს  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 43%-იან  ზღვარს ვერ გადალახავს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს. მეორე მხრივ, მათ არც პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილში ჩაწერილი საქმეების დაკონკრეტება მოსწონს, რომელიც ევროკავშირმა დასახა.

ხაზარაძე-ჯაფარიძე - გვარამია-წერეთელის საქმეების შეწყვეტაზე მმართველი გუნდი უარს აცხადებს. მათი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე თავს პოლიტიკურ, ხოლო ნიკა გვარამია ჟურნალისტურ სტატუსს აფარებს. მმართველი პარტიის წევრის, შალვა პაპუაშვილის, თქმით, ყველა ამ საქმეების განხილვა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მოხდება. 

ჩვენი ოპონენტები ამკვიდრებენ ძალიან მანკიერ პრაქტიკას, რომ თითქოს, პოლიტიკოსობა წარმოადგენს ინდულგენციას და რაც მთავარია, ამ პოლიტიკოსის სტატუსს ისინი იღებენ პოსტ ფაქტუმ, ანუ იმის შემდეგ, რაც ხდება გარკვეული სისხლის სამართლის საქმეების დაწყება. ჩვენი პოზიციაა არის შემდეგი, ყველა ასეთი საქმე განხილული იქნება უცხოელი საერთაშორისო ექსპერტების ჩართვით, - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ხელმოწერის საკითხს პოლიტიკური საბჭო გადაწყვეტს, თუმცა საბჭო ლიდერების დიდი ნაწილის კორონავირუსით ინფიცირების გამო ჯერ-ჯერობით შეკრებას ვერ ახერხებს. 
 

მსგავსი სიახლეები