მზადება 15 მაისის აქციისთვის - ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად რიყის პარკში შეიკრიბა

19.04.21 15:22
მზადება 15 მაისის აქციისთვის - ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად  რიყის პარკში შეიკრიბა

მზადება 15 მაისის აქციისთვის - რიყის პარკში ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან.  დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმას კიდევ ერთხელ გაახმოვანებს.  ლიდერებმა ტრიბუნაზე გამოსვლები უკვე დაიწყეს.

ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის შესაცვლელად გრძელდება შეუფერხებელი ტემპებით. მზადება 15 მაისის აქციისათვის, რომელიც უნდა იყოს ამ რეჟიმის დასასრულის დასაწყისი, ასევე გრძელდება და ამ მიზნით დღეს საორგანიზაციო შტაბები ყველა პარტიის წარმომადგენლები ერთად შეიკრიბნენ, რათა მუშაობა წავიდეს უფრო კოორდინირებულად და შეთანხმებულად. თუ შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც გამოცხადდება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, ყოველგარი ადგილობრივ არჩევნებზე მიბმის მიუხედავად, თუ ჩვენს გვერდზე დადგებიან პოლიტპატიმრები ნიკა მელიას ხელმძღვანელობით, ამ შემთხვევაში გაიმართება გამარჯვების მიტინგი, - აცხადებს „ლეიობორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

"ერთიანი საქართველოს" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, თუკი ოპოზიცია პრინციპული იქნება, ევროკავშირის შეთანხმების დოკუმენტს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მისაღებს გახდის. 

რაც შეეხება დღევანდელ დოკუემენტს, ის სჯობია წინას, მაგრამა არ არის კარგი და იქნებოდა კარგი და კიდევ იმუშავებს ევროკავშირი ამ დოკუმენტის გაუმჯობესებაზე, თუ ყველა ოპოზიციური პარტია იქნებოდა ერთნაირად პრინციპული,  - აცხადებს ბურჯანაძე. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია, აცხადებს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებსი შესაცვლელად ყველა ლეგიტიმური მეთოდით უნდა იბრძოლოს.

ჩვენი პოზიცია უცვლელია. ივანიშვილის რეჟიმი არის საფრთხე ჩვენი მომავლისთვის ყველა თვალსაზრისით. ჩვენ ყველა ლეგიტიმური მეთოდით, მათ შორის, საპროტესტო აქციებით,  უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ეს რეჟიმი ძალაუფლებას, - აცხადებს გიგა ბოკერია. 

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება, შესაძლოა,  15 მაისი აქცია განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს და მას „გამარჯვების მარში“ ეწოდოს.