მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დოკუმენტს ხელი მოაწეროთ - არასამთავრობო ორგანიზაციები

19.04.21 15:49
მოვუწოდებთ ყველა პარტიას, დოკუმენტს ხელი მოაწეროთ - არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოში მოქმედი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის დოკუმენტს. სამი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” და „სამართლიანი არჩევნები” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მისასალმებელია, რომ მედიაციაში ჩართულმა ცალკეულმა პარტიებმა დოკუმენტის ხელმოწერის მზაობა გამოხატეს, თუმცა სამწუხაროდ, ნაწილის ნება არ არის მკაფიოდ გამოხატული. საქართველოს წინაშე არსებული საგარეო საფრთხეები, მძიმე ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოითხოვს ისეთ კომპრომისს, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოში, რაც დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების წინაპირობაა. დასავლელი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა და წარმოდგენილი კომპრომისული წინადადება შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასრულების რეალური გზაა. მოვუწოდებთ მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ აქტორს, გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მომავლისთვისთვის შექმნილი საფრთხე. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ საერთო საზოგადოებრივი ინტერესებით, ხელი მოაწერონ წარმოდგენილ დოკუმენტსა და მისი იმპლემენტაცია მოახდინონ საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით პოლიტიკურ პარტიებს კომპრომისული წინადადება შესთავაზა. წინადადება ითვალისწინებს საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხს და მათი განხორციელების ვადებს, ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.