ხელისუფლებას აქვს შანსი, პროვოკატორი აქტივისტები სამაგალითოდ დასაჯოს - მესამე სექტორი

03.03.21 13:50
ხელისუფლებას აქვს შანსი, პროვოკატორი აქტივისტები სამაგალითოდ დასაჯოს - მესამე სექტორი

გორში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტს არასამთავრობო  სექტორი ეხმაურება. მესამე სექტორი  ხელისუფლებას სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, გიორგი მშვენიერაძე, ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარი რიტორიკით საზოგადოებაში აგრესიას აღვივებს. მისი თქმით, ხელისუფლებამ თავდამსხმელების იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს,  ისინი სამაგალითოდ დასაჯოს და ეს  სახელმწიფოსთვის ერთგვარი ტესტი იქნება. 

პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს, რომ საზოგადოების პოლარიზება და ხელშეწყობა საკუთარი რიტორიკით საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ აგრესიის გაღვივების, შესაძლებელია აღმოჩნდეს დამღუპველი შედეგების მქონე მთლიანად ჩვენი სახელმწიფოსთვის. ფაქტებს, რაც ვიხილეთ, მათზე ერთადერთი რისი თქმაც შეიძლება, არის ის, რომ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება იმ პირების, რომლებიც თავს ესხმიან ოპოზიციური პარტიის ოფისს და ამ ადამიანების დასჯა, ასე ვთქვათ, იქნება ტესტი მათ შორის სახელმწიფოსთვის. ჩვენ მოვისმინეთ ზოგიერთი დეპუტატის მოსაზრება, რომ არ გამორიცხავენ ისინი, რომ  ეს თავად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ჩადენილი იყოს და მათ აქვთ ძალიან კარგი შანსი, რომ ეს პროვოკატორი აქტივისტები სამაგალითოდ დასაჯონ, - ამბობს მშვენიერაძე.

კრიტიკას „ქართულ ოცნებაში“ პასუხობენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათთვის ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია და ეს ფაქტი „ოცნების“ ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ვერ იქნება.

არანაირი კავშირი ამას მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ასე შემდეგ არ შეიძლება ჰქონდეს. კონტრპროდუქტიული არის მმართველი პარტიისათვის და ეს ე.წ. რადიკალური ოპოზიციისათვის სპეკულაციის საგანი ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია და იმავე საღამოს, როგორც კი ფაქტი მოხდა, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა, - ამბობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი  წევრი.  

მსგავსი სიახლეები