"თავდადება, რომელიც 2008-ში ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს აუცილებლად მოიტანს შედეგს"- ბადრი ჯაფარიძე

07.08.22 14:13
"თავდადება, რომელიც 2008-ში ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს აუცილებლად მოიტანს შედეგს"- ბადრი ჯაფარიძე

პარტია "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რუსეთის აგრესიის შედეგად გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.

მისი თქმით, "თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა აჩვენეს და დათმეს ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე, აუცილებლად მოიტანს შედეგს, რომელიც იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაბრუნება ცივილიზებულ სამყაროში". 

მისივე თქმით, საქართველოს ერთგული მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან და მხარს უჭერენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

გვახსოვს ის თავდადება და გმირობა, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა გამოიჩინეს. იმ პერიოდში უთანასწორო ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ თავგანწირვამ, რომელიც ქართველებმა აჩვენეს მთელ მსოფლიოს, მოგვცა საშუალება მტერი შეჩერებულიყო. მართალია, დღეს ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაგრამ ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას დეოკუპაციისათვის და იმისათვის, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრი.

დღეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი ერთგული მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან და მხარს უჭერენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მათ კარგად ახსოვთ რუსეთის აგრესია, რომელიც განხორციელდა 2008 წლის აგვისტოში. დღეს ჩვენ ვნახეთ სწორედ ეს განცხადებები აშშ-ის, ევროკავშირის და უკრაინის მხრიდან. სწორედ ეს არის მეგობრობა, პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მისცემს იმის საშუალებას, რომ მოხდეს დეოკუპაცია", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები