სუს-მა ოზურგეთის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავა

09.08.22 12:40
სუს-მა ოზურგეთის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ყოფილი უფროსი დააკავა

სუსმა ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახურის ყოფილი უფროსი ილია ლეჟავა დააკავა. ლეჟავა, რომელიც სამსახურიდან ერთი თვის წინ გაათავისუფლეს და ღიად უპირისპირებოდა ოზურგეთის მერს ავთანდილ თალაკვაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წუხელ აიყვანა. ინფორმაცია დაკავების შესახებ "პირველებს" მისმა მეუღლემ, მედეა მახარაძემ დაუდასტურა.

დაკავებულის მეუღლის თქმით, ოჯახისთვის უცნობია რის გამო დააკავეს ლეჟავა. მისი  თქმით, მოხდარის შესახებ დეტალებს არ ფლობენ. 

ლეჟავა ოზურგეთის მერიის სამხედრო აღრიცხვის სამსახურს წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა. ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ის სამსახურიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა, რის გამოც ლეჟავამ სასამართლოს მიმართა და ღიად ამბობდა, რომ მის მიმართ ზეწოლას და დევნას ჰქონდა ადგილი.

ლეჟავას დაკავების შესახებ სუსს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. ლილუაშვილის უწყებაში გვითხრეს, რომ დეტალებს მალე გაასაჯაროვებენ.

მსგავსი სიახლეები