ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება- ხელისუფლება და ოპოზიცია პარლამენტში შეხვედრებს ცალ-ცალკე მართავენ
როგორ ასრულებს ,,ქართული ოცნება" ევროკავშირის 12 პუნქტიან მოთხოვნას? ამ წუთებში პარლამენტში 2 პარალელური პროცესი მიმდინარეობს: მმართველი პარტიის მიერ შექმნილი კომისიის სხდომაზე სპეციალური საგამოძიებო, აგრეთვე, პერსონალურ მონაცემთა სამსახურის ხელმძღვანელებს უსმენენ.
პარალელურად შეხვედრებს მართავს ოპოზიციაც. ,,ლელოსა" და ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ევროკავშირის წარმომადგელებს ხვდებიან.
ევროკომისია როცა ენდობა ხელისუფლებას, როცა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებით ქვეყანას ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიენიჭა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ასოცირების დღის წესრიგი, თავისუფალი სავაჭრო მიმოსვლა, ევროპული პერსპექტივა- ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული სტრუქტურები ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს ქვეყანას.
თუკი ,,ნაცმოძრაობა" არ ენდობა ვინმეს, ეს მათი პრობლემაა. ის ხალხი, ვინც ჩართულია და მონაწილეობს სამუშაო ჯგუფებში, ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ რაიმე წინადადების დაფიქსირების საშუალება არ მიეცა.
პროცესი გამჭვირვალეა, ინკლუზიური და ქალბატონ ხატიას და ბატონ კუბილიუსს ვურჩევ, რომ გაეცნონ სამუშაო ჯგუფის ფორმატებს და ასევე ევროკომისიიის გადაწყვეტილებას, სადაც გამოცხადებულია ნდობა პრაქტიკულად ამ 12 პუნქტიანი გეგმით ჩვენი ქვეყნისადმი - განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა.
დღეს ასევე პარლამენტში აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოების წარმომადგენლები შეხვდნენ გახარიას პარტიის, ,,ლელოს" , სტარატეგია აღმაშენებლისა" და ,,ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, დასავლელ დიპლომატებს აინტერესებდათ ოპოზიციის ჩართულობა ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების საკითხში.