შეხვედრა შარლ მიშელთან - "ენმ" და "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ მივლენ

20.04.21 15:25
შეხვედრა შარლ მიშელთან - "ენმ" და "ევროპული საქართველო" პარლამენტში არ მივლენ

არასერიოზულია, რასაც არ ეთანხმები, იმის მონაწილე არ უნდა იყო, - „ევროპული საქართველო“ პარლამენტში შარლ მიშელთან შესახვედრად არ მივა. ოპოზიციური პარტიის წევრის გიგა ბოკერია აცხადებს,  რომ ცერემონიას მხოლოდ ისინი უნდა დაესწრონ, ვინც შეთანხმების პროცესის მონაწილეა. 

არ ვართ ნაწილი ამ შეთანხმების და როგორ ვიქნებით მათ შეხვედრაზე? ვითარება ისეთია, რომ ამ მომენტისთვის ამ ჯგუფთან ოპოზიციის ეს შეთანხმება არის ძალაში და ბუნებრივია, ვინც ამ შეთანხმების ნაწილია, ის მონაწილეობს ამ ცერემონიაში. არასერიოზულია, რასაც არ ეთანხმები, იმის მონაწილე არ უნდა იყო. რეალობას თვალს ვუსწორებთ, - აცხადებს ბოკერია.

ბოკერია ასევე, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, ბოიკოტს შეწყვეტს, „ევროპულ საქართველოს“ ბოიკოტის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს, თუმცა საკუთარ აზრზე მაინც დარჩება. 
 

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, ჩვენი კონკურენტია, ვისურვებდი, რომ ჩვენ ვიყოთ მათ ადგილას, მაგრამ ყველაზე დიდია და თუ ოპოზიციის 90% წყვეტს ბოიკოტს, ეფექტურად ბოიკოტი აღარ იარსებებს, - აცხადებს ბოკერია.  

პარლამენტში მისვლას არც „ნაციონალურ მოძრაობა“ გეგმავს, თუმცა პარტიის წევრი, გია ბარამიძე, ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მათ შეხვედრას საკანონმდებლო ორგანოში დაუნიშნავს, ისინი იქ მივლენ. 

თუ პრეზიდენტ შარლ მიშელს ექნება სურვილი, რომ ჩვენ შეგხვდეს და ადგილი მისგან შერჩეული იქნება საქართველოს პარლამენტში, მივალთ და შევხვდებით, რა პრობლემაა. ამით ჩვენ პარლამენტში კი არ შევდივართ, როგორც ინსტიტუტში, არამედ შენობაში შევდივართ. ეს ორი სხვა და სხვა რაღაცაა, - ამბობს ბარამიძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რამდენიმე წუთში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ესკორტი გამოჩნდება. პირველი შეხვედრა შარლ მიშელს საქართველოს პრეზიდენტთან დახურულ ფორმატში ექნება.  პრეზიდენტის შემდეგ შარლ მიშელი პრემიერს შეხვდება, დღის მეორე ნახევარში კი შეხვედრა პარლამენტშია დაგეგმილი, სადაც სავარაუდოდ, რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომათა დარბაზში წარმოდგენილი იქნებიან „ქართული ოცნების“ წევრები და ის პოტენციური დეპუტატები, რომლებმაც  გუშინ პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტზე მოაწერეს ხელი.

სავარაუდო შეხვედრის დრო 7 საათია.

მსგავსი სიახლეები