მსგავსი დაპირება მისგან არა ერთხელ მოგვისმენია - ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე

20.04.21 16:03
მსგავსი დაპირება მისგან არა ერთხელ მოგვისმენია - ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ჩამოსვლას ოპოზიციის ნაწილი ეჭვით უყურებს.  „გირჩი - მეტი თავისუფლებსი“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის, თქმით, მიხეილ სააკაშვილს მსგავსი შინაარსის განცხადება არა ერთხელ გაუკეთებია, თუმცა საბოლოოდ, საქართველოში არ ჩამოსულა. ის ასევე ამბობს, რომ საქართველოში მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლა დაძაბულობას გაზრდის. 

ზუსტად ისეთივე განცდა მაქვს ალბათ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობას, ვინც პოლიტიკას ადევნებს თვალყურს, იმიტომ, რომ ეგეთი დაპირება ჩამოსვლასთან დაკავშირებით სააკაშვილისგან მოვისმინეთ არა ერთხელ არჩევნების წინ და საბოლოოდ დასრულდა იმით, რითაც დასრულდა. ახლა რამდენად შეასრულებს ამ დაპირებას, არ ვიცი. ერთი, რაც შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ დაძაბულობას გაზრდის ნებისმიერ შემთხვევაში, - აცხადებს ჯაფარიძე.

„გირჩის“ ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი, აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მომხრეა, თუმცა ეს მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც საზოგადოება ამისთვის მზად იქნება. 

როცა ამბობს, რომ ჩამოდის, ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩამოდის, მაგრამ სინამდვილეში მე მინდა, რომ ჩამოვიდეს, მაგრამ მე მინდა, რომ ჩამოვიდეს ისე, რომ ეს არ იყოს პროვოკაციული ჩამოსვლა. ჩვენი საზოგადოება მომზადებული იყოს მესამე პრეზიდენტისთვის დაბრუნებისთვის. როდესაც ჩვენ დავლაგდებით, საზოგადოება, და ეს სისხლის სამართლის საქმეები არ ეკიდება სხვა და სხვა ადამიანების კისერზე, მაშინ შეიძლება, ცხადია, ისინი ჩამოვიდნენ, - ამბობს მეგრელიშვილი.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლით არ ინტერესდება „სტრატეგია აღმაშენებელი“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 

მიხარია, რომ თვითმმართველობაზე მიბმული რიგგარეშე არჩევნები რეფერენდუმის ტერმინოლოგიით არის უკვე მოხსენებული. დანარჩენი ვის რა გეგმა აქვს, ვინ ჩამოვა და ვინ წავა, თვითონ გადაწყვიტოს. ხალხმა გასცეს ამ კითხვას პასუხი. ეს მე ნამდვილად ნაკლებად მაინტერესებს. ჩემი გზაა მესამე გზა, რომელმაც გაიმარჯვა, გუშინ, დღეს და გუშინწინ, - აცხადებს ვაშაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლაში პრობლემას ვერ ხედავს „რესპუბლიკელების“ წევრი, ხათუნა სამნიძე. 

ის მიმართავს საკუთარ მომრჩეველს და არა ერთხელ მიუმართავს, ამიტომ მის ამომრჩეველს უნდა ვკითხოთ, სჯერათ: ჩამოვა თუ არა. მეორე მხრივ, მას აქვს უფლება, მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ჩაერთოს ამ პროცესში. მე ამაში პრობლემას ვერასდროს ვხედავდი, - აცხადებს სამნიძე.
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ოქტომბერში საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა. 

მსგავსი სიახლეები