კარტოგრაფების საქმე სტრასბურგში გაიგზავნა
კარტოგრაფების საქმე სტრასბურგში გაიგზავნა. ინფორმაციას ორგანიზაცია, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, საჩივარი მოამზადა დავით ჯანდიერმა, რომელიც მათ ინტერესებს დაიცავს.
საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეფუძნება და უკავშირდება მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე. საჩივარში ყურადღებაა გამახვილებული კონვენციით დაცული თავისუფლების უფლების შეზღუდვაზე კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, კერძოდ, მომჩივანთა დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე-აღნიშნულია განცხადებაში.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ივერი მელაშვილის ინტერესებს იცავენ გიორგი მშვენიერაძე და ედუარდ მარიკაშვილი, ხოლო ნატალია ილიჩოვას - ნესტან ლონდარიძე, სულხან კომახიძე და გიორგი მახარაძე.