"გიწვევთ პარლამენტში"- შარლ მიშელის მოწვევა პოლიტიკურ ლიდერებს

20.04.21 17:58
"გიწვევთ პარლამენტში"- შარლ მიშელის მოწვევა პოლიტიკურ ლიდერებს

ამ წუთებში პოლიტიკური ლიდერები პარლამენტში იკრიბებიან, მათ მიწვევა შარლ მიშელის სახელით გაუგზავნეს

შეხვედრაზე პირველი პარტია ,,მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, გამოცხადდა. ,,პარლამენტში მიშელის ხათრით შემოვლენ, ადრე მკრეხელობად რაცხავდნენ  შემოსვლას. ეს არის ფსიქოლოგიური ნაბიჯი, რომ ეს სტერეოტიპები დაამარცხონ პოლიტიკოსებმა" - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

პარლამენტში მისვლას ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილიც, აპირებს. 

დღეს ,,ენმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ, აღნიშნა, რომ მიშელის სურვილის შემთხვევაში მას პარტიის წარმომადგენელი შეხვდება.

თუ პრეზიდენტ შარლ მიშელს ექნება სურვილი, რომ ჩვენ შეგხვდეს და ადგილი მისგან შერჩეული იქნება საქართველოს პარლამენტში, მივალთ და შევხვდებით, რა პრობლემაა. ამით ჩვენ პარლამენტში კი არ შევდივართ, როგორც ინსტიტუტში, არამედ შენობაში შევდივართ. ეს ორი სხვა და სხვა რაღაცაა, - განაცხადა ბარამიძემ.

შეხვედრაზე გამოცხადნენ  პარტია ,,ლელოსა" და ,,გირჩი-მეტი თავისუფლება"-ს  ლიდერებიც, ბადრი და ზურა ჯაფარიძეები.