ძალოვანი სისტემიდან პოლიციელები გარბიან - შსს განმარტებებს არ აკეთებს
ძალოვანი სისტემიდან პოლიციელები გარბიან - შსს მათ რაოდენობას არ ამხელს. სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროვების შემდეგ გომელაურის უწყებას განმარტებები არ გაუკეთებია.
ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალი სწორედ კადრების დეფიციტის გამო გაიზარდა. მათი თქმით, შსს-ში ნადმვილად დევს სამართალდამცავების ასობით პატაკი, თუმცა მათ სამსახურიდან იქამდე არ ათავისუფლებე, ვიდრე ახალ კადრს არ ნახავენ.
სწორედ ამის გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიციელი წერს პატაკს, შემდეგ ქვეყანას ტოვებს და წასვლის შესახებ ინფორმაციას ძალოვან უწყებს მხოლოდ ამის შემდეგ ატყობინებს.
ერთ-ერთი ყოფილი ძალოვანი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ შსს-ში მუშაობისას მას უკანონო დავალებების შესრულებას აიძულებდნენ.
ჩემი რესურსები გამომეყენებინა და ხალხი, ვინც იქნებოდა ჩემს გარშემო, ჩემი მეზობლები, ახლობლები, ნათესავები, რომ შემეგროვებინა და წამომეყვანა არჩევნებზე და ამ ხალხისთვის მეთქვა, რომ ამოხაზეთ ესა და ეს პარტია და სამკუთხედებით მონიშნეთ ეს პარტია. ასეთი დავალება, მე მიმაჩნია, რომ შეურაცხმყოფელია პოლიციელისთვის. ჩემი პატაკის დაწერა არ ყოფილა ნებაყოფლობითი. 30 დეკემბერს დამიბარა აკაკი ხასასიამ და მითხრა, რომ მე ვერ ვიმუშავებდი შსს-ში, უნდა დამეწერა პატაკი და წავსულიყავი სამსახურიდან. მე მას ვუთხრაი, რომ არ დავწერდი პატაკს და არ წავიდოდი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შენ პრობლემები შეგიქმნაო, - ამბობს ყოფილი ძალოვანი.
ის, რომ ძალოვან უწყებას პოლიციელები მასობრივად ტოვებენ, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ღია ვაკანსიებიც ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შსს პოლიციელები მასობრივად ტოვებენ.