საუბარი არ არის 20 ივნისის ნებისმიერი დანაშაულის ამნისტიაზე - კოჟორიძე მიშელის დოკუმენტს განმარტავს
"ლელოს" წევრი, კახა კოჟორიძე, მიშელის დოკუმენტის იმ ნაწილს განმარტავს, სადაც საუბარია ამნისტიის კანონის შემუშავებაზე. კოჟორიძე დოკუმენტის იმ ნაწილს მიუთითებს, სადაც წერია, რომ რეაგირება უნდა მოხდეს ,,პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე", შესაბამისად მისთვის გაუგებარია 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების შესაძლო შეწყალების საკითხის წამოჭრა უმრავლესობის მხრიდან.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ცდილობს, დაგვიმტკიცოს, რომ თითქოს შეთანხმების დოკუმენტში წერია 20 ივნისის დროს მომხდარი ნებისმიერი დანაშაულის ამნისტიაზე. ეს არის მცდარი პოზიცია, რადგან:
1. შეთანხმების ტექსტის ამ ნაწილის სათაურია ,,პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება.“ ხოლო შეთანხმების ტექსტში პირდაპირ წერია, რომ რეაგირება უნდა მოხდეს ,,პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე“ და ამნისტია ნახსენებია ამ მიზნის მიღწევის მექანიზმად. სხვა რაიმე მიზანზე ტექსტში უბრალოდ არაფერი წერია. მარტივად რომ ვთქვათ, ამნისტია ნახსენებია მელიას გამოშვების მექანიზმად და არა ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების და სხვა მძიმე დანაშაულის ჩამდენთა ინდულგენციის საშუალებად.
2. 20 ივნისის მოვლენების სრული ამნისტირება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, ვინაიდან კონვენცია სახელმწიფოს აკისრებს მსგავსი დარღვევების გამოძიების უპირობო ვალდებულებას. ამნისტია კი ამ ვალდებულებას აორთქლებს. შესაბამისად ადამიანები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ თურმე ტექსტში საყოველთაო ამნისტიაზეა საუბარი, ამით იმასაც გვიმტკიცებენ, რომ ევროპელმა უმაღლესი რანგის მედიატორებმა ევროპული კონვენციის კოლექტიური დარღვევა შემოგვთავაზეს. აბსურდია!
3. სრული ამნისტია იქნება ძალიან საშიში პრეცედენტი. ხელისუფლებები ჩაიდენენ მასობრივ დანაშაულს და შემდეგ გამოსცემენ ამნისტიის აქტს, რითაც მოკლავენ გამოძიების შანსს, ხოლო დაზარალებულ ადამიანებს სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტები წაერთმევათ.
ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მივუძღვენი იმას, რომ ადამიანს ჰქონოდა დარღვეული უფლებისათვის სამართლებრივი ბრძოლისა და გამარჯვების შანსი. 20 ივნისის დროს დაზარალებულ ადამიანებს ეს შანსი არ უნდა წაერთვეთ! მიხარია, რომ ,,ლელოში" ასე ფიქრობენ, ხელმოწერამდეც და ხელმოწერის შემდეგაც! - წერს კოჟორიძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის, თქმით, ამნისტია შეეხება 20 ივნისის ყველა ბრალდებულს, მათ შორის პოლიციელებსაც.