ქვეყნის ინტერესებით ვიმოქმედეთ - ოპოზიციის ნაწილი ნიკა მელიას საყვედურს არ იზიარებს

21.04.21 15:31
ქვეყნის ინტერესებით ვიმოქმედეთ - ოპოზიციის ნაწილი ნიკა მელიას საყვედურს არ იზიარებს

ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებმაც პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარს პოზიციას და საყვედურს არ იზიარებენ.  ისინი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილის თქმით, ნიკა მელიას ადგილზე იგივეს იტყოდა,თუმცა კრიზისის განმუხტვაზე პასუხისმგებლობა ვიღაცას უნდა აეღო. 

ჩვენ მივიღეთ რთული, მაგრამ პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელიც შედის ამ ქვეყნის ინტერესებში. ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია ნიკა მელიას გარეთ ყოფნა. შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი პოლიტიკური მიზანშეწონილობდიან გამომდინარე. ნიკას ადგილზე მე რომ ვიყო საპატიმროში, ალბათ მეც იგივეს ვიტყოდი, რომ არ ღირს კომრომისებზე წასვლა ჩემი თავისუფლების გამო, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ჩვენ ამ ვითარებიდან გამოვიდეთ, ვიღაცამ უნდა აიღოს, - ამბობს სამადაშვილი.

 „ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერ ლიდერს მორალურ კომპრომისს ვერავინ მოსთხოვს, თუმცა ოპტიმალური გამოსავალი შესაძლოა, ყველასთვის თანაბრად მოსაწონი არ იყოს. 

ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ნიკა მელიას ვერ მოვთხოვთ მორალური კომპრომისის გაკეთებას, მისი წვლილი მთელ ამ პროცესში იყო ნამდვილად ძალიან დიდი, თუმცა რასაკვირველია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ სიტუაციიდან მოვნახოთ ოპტიმალური გამოსავალი. ეს ოპტიმალური გამოსავალი შეიძლება არ იყოს ყველასთვის თანაბრად მოსაწონი, მაგრამ ეს იყოს ყველაზე რეალისტური და კონსესუსური ვარიანტი და ნიკა მელიას საკითხიც არის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო საკითხი ჩვენთვის ამ პოლიტიკური კრიზისის დასრულებაში, - ამბობს საბა ბუაძე.

„გირჩს“ ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ღიად აცხადებს, რომ ნიკა მელიას ინტერესების გათვათვალისწინება  მისი ამოცანა არ ყოფილა. 

ძალიან უცნაური განცხადებაა ნიკა მელიასი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვცდილობდით ყველანი მოგვეგარებინა ის კონფლიქტი, რომელიც იყო ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, ანუ ნიკა მელიას ინტერესების გათვალისწინება საერთოდ არ ყოფილა ჩემს ამოცანებს შორის, - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა ნიკა მელიასთან შეუთანხმებლად   შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ საკუთარი პოზიცია ადვოკატის მეშვეობით გაავრცელა. ნიკა მელია ამბობს, რომ თავს შეურაცხყოფილად, დამცირებულად და მოტყუებულად გრძნობს, რადგან  ოპოზიციურმა პარტიებმა მისი თავისუფლებით ივაჭრეს.