პარიზი, მილანი, მონაკო, შვეიცარია და სხვა - "ოცნების" მაღალჩინოსნების მდიდრული არდადეგები

10.09.22 21:20
პარიზი, მილანი, მონაკო, შვეიცარია და სხვა - "ოცნების" მაღალჩინოსნების მდიდრული არდადეგები

პოლიტიკოსების მდიდრული არდადეგები - "შაბათის ეთერის" სრულიად  აპოლიტიკური კითხვა  "ქართული ოცნების" ლიდერების დიდი ნერვიულობის მიზეზი გახდა.  

განსაკუთრებული აგრესიულობით დედაქალაქის მერი და მისი დაცვის ბიჭები გამოირჩეოდნენ. კალაძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტს უთხრა, რომ "ანგარიშს არ ჩააბარებდა", თუმცა "შაბათის ეთერმა" მისი შთამბეჭდავი დასვენების შესახებ ინფორმაცია მაინც მოიპოვა. 

კახი კალაძემ საზაფხულო არდადეგები ყველაზე ადრე დაიწყო - პირველი იყო მილანი, შემდეგი გაჩერება თბილისის მერისთვის უკვე პარიზის იყო. დაახლოებთ ერთ თვეში კალაძემ უკვე ალპებში გადაინაცვლა. 

კახი კალაძის საზაფხულო არდადეგები მსოფლიოს ყველაზე ყველა ძვირადღირებული კურორტებით არ შემოფარგლულა. თუ მისი მეუღლის ანუკი არეშიძის საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, მერი აგვისტოში დუბაიში და მონაკოში ისვენებდა. 

ალუდა ღუდუშაურმა ამერიკული არდადეგები მოიწყო. "ოცნების" დეპუტატი ნიუ იორკში მედისონ ავენიუზე პოზირებდა. მსოფლიოს დედაქალაქთან ერთად ამერიკაში ღუდუშაური ნიაგარას ჩანჩქერის სანახავად იმყოფებოდა. 

ქართული ოცნების მორაგბე დეპუტატმა, დავით კაჭარავამ ნიცაში ერთი კვირა გაატარა. დეპუტატი  საზაფხულო არდადეგებით კმაყოფილია, თუმცა  არ ამბობს, რა დაუჯდა ეს დასვენება.

პარლამენტის გადაყენებულმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  საზაფხულო არდადეგების დიდი დრო  ავტოფარეხში გაატარა. წელს კომოს ტბა არ იყო. არც ეცალა და სავარაუდოდ არც აღარავინ დაპატიჟა. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძემ  ძველი "ვოლკსვაგენის" რესტავრაციას 14 თვე შეალია. გასული წლის ივნისში დაიწყო, და 2022 წლის აგვისტოში დაასრულა.  

საბერძნეთში მდებარე კუნძული მიკონოსში გაატარა ცხელი ზაფხულის დღეები დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.  კურორტი ცნობილია, საკუთარი ბოჰემური იმიჯით. ოდიშარიამ სავარაუდოდ საზაფხულო არდადეგები გაიხანგრძლივა, რადგან საშემოდგომო სესია  ისე გაიხსნა, რომ დეპუტატი პარლამენტში არ გამოჩენილა. 

"ოცნების" კიდევ ერთმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა საგულდაგულოდ დამალა თუ სად გაატარა ზაფხულის ცხელი არდადეგები. 

 პარიზზე გააკეთა არჩევანი ლევან კობიაშვილმაც. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა,  არჩევანი მთაზე გააკეთა.  მთაში ლაშქრობდა პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილი  სოციალურ ქსელში ფოტოებს ხან თუშეთიდან ხან კი ჭიათურის ტყეებიდან ტვირთავდა.  რაჭაში ჩავიდა პარლამენტის ექს თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

იტალიის ყველაზე დიდ კუნძულს სტუმრობდა მარიამ ქვრივიშვილი. დეპუტატი  ცხელ ზაფხულში ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე პოზირებდა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები