გომელაურის საიდუმლო შეხვედრები რუს გენერლებთან - ვინ უჭერს მხარს საპარლამენტო კომისიის შექმნას
ამ დროისთვის უცნობია გახარიას გუნდის გადაწყვეტილება, ალეკო ელისაშვილის პარტიის გარდა კი ყველა ოპოზიციური ძალა მზადაა, მხარი დაუჭიროს ,,ლელოს" ინიციატივას - პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
გასაგებია ინიციატივა, მე არ მქონია კონსულტაციები არც ,,ლელოსთან" არც სხვა პარტიებთან, თუ ასეთი კონსულტაციები იქნება, მე მოვისმენ.
რა თქმა უნდა, თუ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი, უნდა შეიქმნას კომისია, უბრალოდ, ამ წუთში გამიჭირდება პასუხის გაცემა, დავუჭერ თუ არა მხარს, რაც არც ვიცი, რა ფორმით აპირებენ ამის ფორმულირება - განაცხადა ,,მოქალაქეების" წევრმა, ლევან იოსელიანმა
,,ლელოს" საკანონმდებლო ინიციატივაა, დადგინდეს, რა კავშირები აქვთ რუსულ და ქართულ სპეცსამსახურებს, ვისი დავალებით დადიოდნენ სუსი-ს მაღალჩინოსნები რუსეთში და რა სახის ტვირთის კონტრაბანდას ეხებოდა საიდუმლო მოლაპარაკება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასეთი რეზონანსული საქმეები ყოველთვის გამოუძიებელი დარჩება.
იმიტომაა მნიშვნელოვანი საგამოძიებო კომისიიის შექმნა პარლამენტში, რადგან ამათი ტაქტიკა ხომ ვისწავლეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომ რაღაც თემა აიწევა, შემდეგ გავა დღეები და არა თუ თაროზე შემოდება, საქმეც კი არ იარსებებს.
სუსის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მთელ ამ ისტორიაზე ინფორმირებულია, ამბობს ასეთ ფრაზას, რომ 2016 წელი ის პერიოდია, როცა ღარიბაშვილი აღარ იყო პრემიერი და გაჩნდა ვაკუუმი, წყვეტა ურთიერთობაში საქართველოს უშიშროებასა და რუსულ ეფ ეს ბეს შორის.
ხვდებით, სად ვართ, ეხლა ვინ არის ისევ პრემიერი? როგორ ვართ მიბმული ისევ რუსულ სპეცსამსახურებთან? - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი, ,,ენმ"-ს გენმდივანი
მმართველი პარტიის პოზიცია უკვე ცნობილია. ,,ქართული ოცნება" არ აპირებს, შეაწუხოს ვახტანგ გომელაური დაკითხვებზე სიარულით.
,,ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს - ალექსეი ბორტნიკოვს, მინიმუმ 2-ჯერ შეხვდა.
,,შაბათის ეთერის" სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს - სედოვს და ბესედას.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ, უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა. სუსის ყოფილი შეფის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.