ბორტნიკოვი მინსკში ვნახე, პირისპირ შეხვედრა არასდროს არ ყოფილა - ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრის აღიარება - ვახტანგ გომელაურმა "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ФСБ-ს შეფთან, ალექსანდრე ბორტნიკოვთან, ერთად მინსკში ერთ სივრცეში იმყოფებოდა, თუმცა პირველი პოლიციელი ირწმუნება, რომ მტრულად განწყობილი ქვეყნის მაღალჩინოსანთან შეხვედრა არ ჰქონია.
ვლადიკავკაზში არც ერთხელ არ ვყოფილვარ, მაგრამ მინსკში ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი, 5-6 ვიზიტი მაქვს. ჩავდიოდით ჩვენ, ვხვდებოდით ჩვენს კოლეგებს. იყო ასი წლის თავი, როდესაც მინსკში ჩამოსული იყო ამერიკელებიც, ბრიტანელებიც, რუსებიც, გერმანელებიც. შეხვედრა პირისპირ არასდროს არ ყოფილა. ხელმძღვანელობა რუსეთის როგორ არ იყო იქ, მინსკში იყო და მიულოცეს ბელარუსის მთავრობას"- განაცხადა გომელაურმა.
შს მინისტრის იქვე ამბობს: "ვთქვათ, შევხვდი რუსეთის ФСБ-ს წარმომადგენლებს, ეს რა დანაშაულია?!"
მისი თქმით, გოგაშვილი იტყუება, როცა ამბობს, რომ ФСБ-ს მაღალჩინოსნები საკუთარი ავტომობილით ჩამოიყვანა საქართველოში.
ზღაპრებია, რაც მოყვა ბატონმა გოგაშვილმა, სამწუხაროა, ახლა რასაც აკეთებს და რასაც იგონებს, ის რომ, ვითომ ჩავიდა, თავის მძღოლთან ერთად ჩამოიყვანა და ცხვარი დავკალით, საგურამოში ვიქეიფეთ თუ რაღაც, აბსურდია. მე რესტორანი არ მქონია არასდროს და არც ახლა მაქვს”, - თქვა მინისტრმა.
,,ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს - ალექსეი ბორტნიკოვს, მინიმუმ 2 ჯერ შეხვდა.
,,შაბათის ეთერის" სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს - სედოვსა და ბესედას.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ, უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა.
სუსის ყოფილი შეფის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.